(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრა თბილისის მერთან

13 დეკ '17

2017 წლის 13 დეკემბერს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, „სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში,“ გაიმართა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ქალაქ თბილისის მერთან კახა კალაძესთან. შეხვედრას, ასევე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი და თბილისის მერიის ეკონომიკური განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია ესწრებოდა.

დედაქალაქის მერმა ბიზნესკომპანიების წარმომადგენლებთან ყურადღება ქვეყანაში სამუშაო ადგილების შექმნის, ქალაქის განვითარებაზე ზრუნვისა და იმ რეფორმების განხორციელების აუცილებლობაზე გაამახვილა, რაც მისი თქმით, დედაქალაქის კიდევ უფრო მეტ განვითარებას უზრუნველყოფს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ბიზნესის როლი ქალაქის და ქვეყნის განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„ზოგადად, თბილისის განვითარებაში თითოეული თქვენგანის ჩართულობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. რადგან თქვენ ხართ ის ადამიანები, ვისაც ყოველდღიურად თქვენი წვლილი შეგაქვთ ქალაქის განვითარებაში, ქმნით სამუშაო ადგილებს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც დედაქალაქისთვის, ასევე ქვეყნისთვის. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ იმისთვის, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდეს, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა, ასევე, ისაუბრა საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებაზე, ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებასა და მშენებლობებთან დაკავშირებულ პრობლემებზე.

შეხვედრაზე, რომელიც ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა, ასოციაციის წევრებს საშუალება ჰქონდათ დაესვათ მათთვის მნიშვნელოვანი ყველა შეკითხვა და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები დედაქალაქის მერიის წარმომადგენლებისთვის.