(+995 32) 2 202-215

მიმდინარე თემები

ფინანსთა მინისტრმა ბიზნეს ასოციაციას ახალი საგადასახადო ინიციატივები წარუდგინა

5 აპრ '18

5 აპრილს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა საქართველოს ფინანსთა მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.

მინისტრმა ასოციაციის წევრებს წარუდგინა 3 ახალი საგადასახადო ინიციატივა და მოისმინა ბიზნესის მოსაზრებები აღნიშნულ სიახლეებთან დაკავშირებით.

პირველი ინიციატივა ეხება საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებას, რაც მნიშვნელოვანი შეღავათის მომტანი იქნება ბიზნესისათვის. არსებული ხუთი სხვადასხვა საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება მეწარმეებისა და საგადასახადო ორგანოების ურთიერთობაში, ჩანაცვლდება ერთიანი საგადასახადო დოკუმენტით. ეს რეფორმა საგრძნობლად გაამარტივებს საგადასახადო ანგარიშგებას და შეამცირებს საგადასახადო ადმინისტრირებისათვის დახარჯულ დროს.

მეორე ინიციატივა ითვალისწინებს საკანონმდებლო ნორმების ცვლილებას მიკრო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით. არამეწარმე ფიზიკური პირი პროდუქციის გაყიდვისას ვერ გასცემს საგადასახადო დოკუმენტს და, შესაბამისად, არსებული კანონმდებლობით, შემსყიდველი ვერ ახერხებს აღნიშნული შესყიდვის ხარჯებში გატარებას. სწორედ ამიტომ, ბიზნესი ხშირად უარს ამბობს ასეთი პირებისაგან პროდუქციის შესყიდვაზე. შედეგად, მიკრო მეწარმეების უჭირთ ერთიან ეკონომიკურ ჯაჭვში ინტეგრირება.

აღნიშნული ინიციატივით, მეწარმე შეძლებს ასეთი შესყიდვისას გასცეს სპეციალური დოკუმენტი და ამ დოკუმენტის საფუძველზე ბიზნესი შეძლებს შესყიდვის ხარჯებში ასახვას. შემოსავალი კი დაიბეგრება გადახდის წყაროსთან 3%-იანი განაკვეთით.

მესამე ინიციატივა ყველაზე მასშტაბური და კომპლექსური ხასიათისაა და კომპანიების ელექტრონულ რეგისტრაციას და ელექტრონული რეზიდენტობის შემოღებას ეხება. აღნიშნული ცვლილება უცხოელ იურიდიულ პირებს საშუალებას მისცემს გახდნენ საქართველოს ელექტრონული რეზიდენტები, დაარეგისტრირონ კომპანია საქართველოში და გახსნან ანგარიშები ქართულ ბანკებში. აღნიშნული ინციატივის მიზანია, რომ საქართველო გადაიქცეს ფინანსურ ცენტრად. ეს რეფორმა ჩამოაყალიბებს ისეთ პროცედურებს, რაც ძალიან კომფორტული და მოსახერხებელი იქნება საერთაშორისო ინვესტორებისათვის.

ბიზნესი მიესალმება აღნიშნულ ინიციატივებს. განსაკუთრებით კი საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივებასთან დაკავშირებულ ინიციატივას, რაც ბიზნესისთვის შეამცირებს სადაგასახადო ადმინისტრირების ხარჯებს.

როგორც ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, ასეთი მნიშვნელოვანი რეფორმები პოზიტიურად აისახება ბიზნესზე და მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე. პირველ რიგში კი მისასალმებელია ის, რომ მთავრობა აღნიშნულ რეფორმებს აცნობს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს და ისმენს მათ მოსაზრებებს.