(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა

20 სექ '19

დღეს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა, სადაც საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე იმსჯელეს.

შრომის კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოვება.

ცვლილებების მიხედვით, სამუშაო დროის ხანგრძლივობა განისაზღვრება კვირაში 40 საათით, ხოლო ზეგანაკვეთური სამუშაო დრო განისაზღვრება კვირაში მაქსიმუმ 8 საათით. იკრძალება კვირაში 8 საათზე მეტი ზეგანაკვეთური მუშაობა. უქმდება სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებისათვის ნორმირებული სამუშაო დრო (48 საათის ოდენობით კვირაში) ზეგანაკვეთური სამუშაო საათისათვის წესდება ანაზღაურების სტანდარტი ნორმირებული სამუშაო საათის ანაზღაურების 125%-ის ოდენობით.

შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ასოციაციის წევრებმა კანონპროექტთან მიმართებით კონკრეტული შენიშვნები გამოთქვეს.

შეხვედრაზე გაჟღერდა, რომ არ არის დათვლილი ის ეკონომიკური გავლენა, რომელიც ამ პროექტის ამ ფორმით მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს.
"ვხედავთ სამ ძირითად პრობლემას. პირველი, შემოთავაზებულ კანონპროექტს არ ახლავს ეკონომიკური დასაბუთება და შესაბამისად, როგორც ჩანს, კანონპროექტის ინიციატორებს არ აქვთ წარმოდგენა, რა ნეგატიური ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მას ეკონომიკასა და ბიზნესზე. მეორე ის, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს შემოაქვს იმაზე მაღალი სტანდარტები, ვიდრე ეს ევროდირექტივებითაა გათვალისწინებული, ამიტომ ჩვენთვის გაუგებარია, რატომ ვიღებთ იმაზე მაღალ სტანდარტებს, ვიდრე ეს ევროკავშირის ქვეყნებშია. მესამე, მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტორებს შეფასება არ აქვთ, ჩვენ ბიზნესთან გვქონდა კომუნიკაცია და იმის მიუხედავად, რომ კანონპროექტის ავტორს კეთილი სურვილი აქვს, შეიძლება ამ ცვლილებებმა გამოიწვიოს უმუშევრობის ზრდა, ხელფასების შემცირება და კონკრეტული ინდუსტრიების საერთოდ გაჩერება, შესაბამისად, საბოლოო ჯამში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი, რამაც ბუნებრივია, ქვეყნის განვითარება შეიძლება შეაფერხოს," - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია გეგმავს, უახლოეს მომავალში, მორიგი შეხვედრა შრომის კოდექსთან დაკავშირებით გამართოს როგორც კანონპროექტის ავტორთან, ასევე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებთან და პრემიერ მინისტრთან.