(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტი

17 თებ '20

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში (BAG) საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, BAG-ის წევრებთან ერთად, განხილული იქნა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის პროექტი თანმდევი ცვლილებების პაკეტით, რომელიც შემუშავდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ. შეხვედრას გაუძღვნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე და საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის თავმჯდომარე, ლაშა ნოდია.

შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა კანონის ახალი პროექტით შემოთავაზებული ცვლილებები, მათ შორის საგადასახადო მოთხოვნების რიგითობისა და სტატუსის ცვლილება; გაკოტრების/რეაბილიტაციის პროცესისაგან აღსრულების ეროვნული ბიუროს დისტანცირება; რეგულირებული შეთანხმების ინსტიტუტის ცნება; გაკოტრების რეჟიმში მყოფი კომპანიის რეაბილიტაციის პროცესში გადასვლის (კონვერსიის) შესაძლებლობის გაჩენა და სხვა.

როგორც შეხვედრის შეფასებისას ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ განაცხადა, „კანონპროექტი შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ როგორც წმინდა სამართლებრივი, ასევე ეკონომიკური კუთხით; ახალი, თანამედროვე გადახდისუუნარობის კანონმდებლობა კიდევ უფრო წაახალისებს ქვეყანაში მეწარმეობას, ბიზნეს ინიციატივებს, გააუმჯობესებს საინვესტიციო გარემოს და ქვეყნის პოზიციას ბიზნესის კეთების რეიტინგში.”