(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება

12 აგვ '21

„უკანასკნელ პერიოდში კოვიდ ინფექციის გავრცელების ზრდამ, სამწუხაროდ, აუცილებელი გახადა ახალი შეზღუდვების დაწესება“ - ასე აფასებენ საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

„ცხადია, ეკონომიკური აქტივობის ნებისმიერი შეზღუდვა არასასურველია განსაკუთრებით ისეთი გამოწვევების მქონე ქვეყნებისათვის, როგორიც საქართველოა. თუმცაღა, უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში კოვიდ 19-ით დაინფიცირებულ ადამიანთა მატება და სიკვდილიანობის ზრდა არის ის ტკივილი, რომელსაც ჩვენ ყველანი განვიცდით და რომელმაც შეუძლებელია არ დაგვაფიქროს უმთავრესზე: ჩვენი ქვეყნის მოქალაქის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე, როგორც ყველას ერთიან პასუხისმგებლობაზე.

ბიზნესს ქმნიან ადამიანები და ბიზნესი არსებობს ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, რომლებიც საქმდებიან, იხდიან გადასახადებს და ქმნიან საკუთარ და ქვეყნის მომავალს. ამიტომაც, დღეს რთულია ვისაუბროთ შეზღუდვების ნეგატიურ ეფექტზე, მაშინ როცა ათასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლეა საფრთხის ქვეშ. 

ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სახელით მივესალმებით ვაქცინაციის იმ მაღალ ტემპს, რაც ბოლო დღეებში ჩვენს ქვეყანაში ფიქსირდება. თითოეულმა ჩვენგანმა, უნდა გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ერთობლივად დავძლიოთ ვაქცინაციის მიმართ საზოგადოების ერთ ნაწილში არსებული სკეპტიციზმი. დღეს ჩვენი ოჯახის წევრების, ნათესავების, მეგობრებისა თუ ახლობლების და სხვა მრავალთა სიცოცხლის შენარჩუნება პირდაპირპროპორციულ კავშირშია ვაქცინაციასთან. 

დღეს ბიზნესი და შესაბამისად ეკონომიკა, ქვეყნის ხვალინდელი დღე უკავშირდება ეპიდემიის სწრაფი დასრულების საჭიროებას, რისი მიღწევის ერთადერთი რეალური და აბსოლუტურად კონკრეტული გზა არის სწრაფი ვაქცინაციაა. დღეისათვის შექმნილ რთულ ვითარებაში სრულიად მიუღებელია ამ პროცესისგან გამიჯვნა და შენივე თანამოქალაქეების სიცოცხლის რისკის ქვეშ დაყენება. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აგრძელებს თანამოქალაქეების ინფორმირების კამპანიას, რადგანაც უაღრესად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს და კიდევ უფრო გაიზარდოს ვაქცინირებულთა ყოველდღიური რაოდენობა. 

აქვე იმედს ვიტოვებთ, რომ  ბოლო თვეებში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი ტემპების გამო ახალი შეზღუდვები ვერ შეაჩერებს ეკონომიკის სწრაფი აღდგენის დაწყებულ პროცესს".