(+995 32) 2 202-215

სიახლეები

შემოსავლების სამსახურმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციას განხორციელებული რეფორმები და სამომავლო გეგმები გააცნო

13 მაის '22

შემოსავლების სამსახურის მიერ შემუშავებული ახალი სტრატეგია, მათ შორის, მსხვილი კატეგორიის გადასახადის გადამხდელების ადმინისტრირება, საბაჟოს რეფორმა და ბიზნეს ოპერატორებისთვის სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების საქართველოს შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან  შეხვედრის უმთავრესი საკითხები.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში,  შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელებმა 2021 წლის განმავლობაში უწყების მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამეს და განხორციელებულ  რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. როგორც სამსახურის უფროსმა, ლევან კაკავამ განაცხადა, “შემოსავლების სამსახურის უმთავრეს ღირებულებებს, უწყების გამჭვირვალობა და ბიზნესთან მჭიდრო პარტნიორობა წარმოადგენს”.  

შეხვედრას, რომელსაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, დიალოგის რეჟიმში წარიმართა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

“ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა საქართველოს შემოსავლების სამსახურთან ასეთი მჭიდრო კომუნიკაცია, რადგან შეხვედრაზე ხსენებული საკითხები მნიშვნელოვანია ჩვენი წევრი კომპანიებისა და მათი საუკეთესო ინტერესების დაცვისთვის. ვიმედოვნებთ, რომ  ასეთი კოორდინირებული მუშაობა გაგრძელდება, რადგან აღნიშნული ძალზედ მნიშვნელოვანია,როგორც ბიზნეს სექტორისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობისთვის”-განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.