საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდნენ
5 ოქტ '22
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პრემიერ-მინისტრთან ტრადიციული შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ პრემიერ ღარიბაშვილს და ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგები წარუდგინა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია.
BAG ინდექსის ფარგლებში მიმოხილული იყო ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი, დასაქმების ბარომეტრი, საინვესტიციო გარემო და ბიზნესის კეთების შემაფერხებელი ფაქტორები. აღსანიშნავია, რომ პრემიერმა დეტალურად მოისმინა კვლევის შედეგები და მინისტრებთან ერთად შესაბამისი შეფასებები გააკეთა.
შეხვედრის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა დეტალურად მიმოიხილა ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა. საუბარი შეეხო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ინფლაციას, რუსეთ-უკრაინის ომსა და გამოწვევებს, რომლის წინაშეც მსოფლიო ეკონომიკა დგას, ზემოხსენებული კი პირდაპირ კავშირშია საქართველოს ეკონომიკურ სტაბილურობასა და მდგრადობასთან.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში და დაესვათ მათთვის ყველა აქტუალური და მნიშვნელოვანი კითხვა.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ტრადიციისამებრ შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ჩვენთვის პატივია, რომ მოგვეცა შესაძლებლობა გაგვეზიარებინა პრემიერისთვის ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია და დღეს აწუხებს ბიზნეს სექტორს. შეხვედრის ფარგლებში, ასევე, შედგა BAG ინდექსის მესამე კვარტლის შედეგების პრეზენტაცია, რაზეც მოვისმინეთ შეფასებები, როგორც პრემიერის მხრიდან, ასევე ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისგან“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.