(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„ვიმედოვნებთ, რომ პროექტი „BAG ახალგაზრდების დასაქმებისათვის“ გახდება ერთ-ერთი მამოტივირებელი პროფესიულ არჩევანში“- ლევან ვეფხვაძე

11 ოქტ '22

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პროექტის ფარგლებში “საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ახალგაზრდების დასაქმებისთვის” ქ. ხაშურში უფროსკლასელებს უმასპინძლა.

შეხვედრას ესწრებოდნენ USAID-ის, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის, საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს, უნარების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შეხვედრის ფარგლებში განხილული იყო სხვადასხვა პროფესიები, რომელიც დღეს ნაკლებად პოპულარულია, თუმცა მოთხოვნა მზარდია და შესაბამისად, აღინიშნება კვალიფიციური კადრების მწვავე დეფიციტი, რაც BAG ინდექსის მესამე კვარტლის კვლევის შედეგებშიც მკაფიოდ აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან საუბარი ასევე შეეხო  ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და კონკურენტუნარიანობის ზრდისთვის პროფესიული არჩევანის მნიშვნელობას, ისევე როგორც ადგილობრივ დონეზე განათლებისა და დასაქმების გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

ზემოხსენებულ დისკუსიაში უფროსკლასელები აქტიურად ჩაერთნენ და დიდი ინტერესით გაეცნენ ვიდეო რგოლებს, რომელიც პროექტის ფარგლებში მომზადდა და დაეხმარება ახალგაზრდებს პროფესიული არჩევანის გაკეთებაში.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ კიდევ ერთი შეხვედრა გამართა უფროსკლასელებთან, სადაც ახალგაზრდებს გავუზიარეთ ჩვენი მოსაზრებები და მეგობრული რჩევები პროფესიულ არჩევანთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ BAG ინდექსის 2022 წლის მესამე კვარტლის კვლევის შედეგებში ერთ-ერთ უმწვავეს პრობლემად სახელდება კვალიფიციური კადრების დეფიციტი, რაც უმეტესად განპირობებულია დეფიციტით იმ პროფესიული მიმართულებებით, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ და ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის ერთგვარი მამოძრავებელია. ვიმედოვნებთ, რომ USAID-ის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტი „BAG ახალგაზრდების დასაქმებისთვის“ კიდევ უფრო მეტ ახალგაზრდას მიაწვდის ხმას და გახდება მამოტივირებელი პროფესიულ არჩევანში“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.