(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„საჯარო შესყიდვების რეფორმა ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ბიზნესისთვის“ - საქართველოს ბიზნეს ასოციაცია

21 ოქტ '22

საჯარო შესყიდვების რეფორმასთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ხელმძღვანელობას შეხვდნენ, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს საჯარო შესყიდვის პროცესის იმ ძირეულ ცვლილებებზე, რომლითაც აღნიშნული პროცედურები სრულ შესაბამისობაში მოვა ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობასთან. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი ბიზნეს ოპერატორები შეუფერხებლად შეძლებენ ევროკავშირის ყველა დონის საჯარო შესყიდვებში მონაწილეობას.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საკუთრივ კანონპროექტის ახალი რედაქცია მეტ ყურადღებას უთმობს შესყიდვების პროცესის გამჭვირვალობას, არსებითად ითვალისწინებს ბიზნესის ობიექტურ ინტერესებსა და შემოაქვს არსებული კანონმდებლობისთვის უცნობი ინსტრუმენტები, როგორიცაა კონკურენტული დიალოგი, წინასწარი გამოქვეყნებით მოლაპარაკების პროცედურა და ინოვაციური პარტნიორობა.  აღსანიშნავია, რომ ახალი კანონპროექტი შესყიდვის პროცედურას ტექნიკური თვალსაზრისით მოქნილს ხდის.   

შეხვედრისას, ყურადღება ასევე გამახვილდა მიმწოდებლების დისკვალიფიკაციასა და შავ სიის წარმოების წესებზე, პერსონალის სავალდებულო სერტიფიცირებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.  

წარმოდგენილი პრეზენტაციების შემდეგ, შეხვედრა წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ აქტიურად ჩართულიყვნენ დისკუსიაში.

„საჯარო შესყიდვები არის ის თემატიკა, რომელიც მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორისთვის და ვიმედოვნებთ, რომ კანონპროექტით განსაზღვრული და დაგეგმილი ცვლილებები ეფექტიანად აღსრულდება, ვინაიდან BAG-ის წევრი კომპანიებისა და ზოგადად ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, მდგრადობა და ხელმისაწვდომობა. აღნიშნული კანონპროექტი ხელს შეუწყობს კეთილსინდისიერი ბიზნესის რეაბილიტაციას და შემსყიდველი კომპანიების მიმართ ნდობის ზრდას“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ხორციელდება USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით.