(+995 32) 2 202-215

სიახლეები

„ვიმედოვნებთ, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან კოორდინირებული მუშაობით მოვახერხებთ კადრების დეფიციტის პრობლემის გრძელვადიან პერიოდში მოგვარებას“ - ლევან ვეფხვაძე

17 ნოემ '22

დასაქმებისა და კვალიფიციური კადრების მკვეთრი დეფიციტი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბიზნეს ასოციაციების შეხვედრის მთავარი საკითხი.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა ისაუბრა დასაქმების პერსპექტივებსა და არსებულ გამოწვევებზე, რის შემდეგაც მოხდა სააგენტოს საქმიანობისა და სერვისების პრეზენტირება. საუბარი ასევე შეეხო შრომის ბაზრის პოლიტიკასა და მის სპეციფიკას, კადრების მოძიების პროცესს, საკომუნიკაციო პლატფორმებსა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო მოდელებს. 

შეხვედრას ესწრებოდნენ დამსაქმებელთა ასოციაციის, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის, ამერიკის სავაჭრო პალატის, საქართველოს საბანკო ასოციაციის, საქართველოს მწარმოებელთა ასოციაციის, დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის, ტურიზმის ასოციაციის, მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის, თურქ ბიზნესმენთა ასოციაციისა და განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრა წარიმართა სადისკუსიო რეჟიმში, რომლის ფარგლებში ასოციაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს ზემოხსენებულ პრობლემატურ საკითხებზე და შეჯერდნენ ერთობლივი სამუშაო გეგმის შემუშავებაზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის, BAG ინდექსის კვლევაში ბიზნეს საქმიანობის ერთ-ერთ მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად, სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი სახელდება. ეს არის ის საკითხი, რომელიც მწვავედ დგას თითქმის ყველა სექტორში და ჩვენი, ბიზნეს ასოციაციების ფუნქციაა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერა, რათა მოხდეს დასაქმებულისა და დამსაქმებლის მეტად დაახლოება. ვიმედოვნებთ, რომ სააგენტოსთან კოორდინირებული მუშაობით მოვახერხებთ კადრების დეფიციტის პრობლემის გრძელვადიან პერიოდში მოგვარებას“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.