(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და აღსრულების ეროვნული ბიუროს შეხვედრის მთავარი საკითხი

11 მაის '23

სასყიდლიანი ხელშეკრულებების რეგისტრაციის ახალი სერვისი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძემ და სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გააცნეს.

აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივა ცალკეული ხელშეკრულების რეგისტრაციისა და მისგან გამომდინარე შეუსრულებელ ვალდებულებაზე ბრძანების გამოცემის გამარტივებას  ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვან შეღავათს წარმოადგენს ბიზნეს სექტორისთვის.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში შესაძლებელი გახდება სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარის/ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაცია. მისი სავალდებულო პირობა იქნება მხარეთა შეთანხმება, რომ  ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, აღსრულების ეროვნული ბიურო, სასამართლოს გარეშე, გამოსცემს აქტებს შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების გადახდევინებისა და უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ერთად, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს ახალი სერვისი გააცნო, რომლის მიზანია, ფულადი მოთხოვნისა და უძრავ ნივთებზე მფლობელობის აღდგენის მოქნილი, სწრაფი და ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა, რაც თავის მხრივ, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მოქალაქეებს დროისა და ფინანსური რესურსის დაზოგვის შესაძლებლობას მისცემს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი სერვისების შექმნა ეფექტიანი და მოქნილი მექანიზმია, რომელიც დაეხმარება ბიზნეს სექტორს ეფექტიან ოპერირებაში“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.