(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის რეგიონული განვითარების პროცესში ჩართულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა

2 ივნ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ბიზნეს სექტორის ინფორმირების მიზნით UNDP-ის პროექტის „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“ და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი.

აღსანიშნავია, რომ UNDP-ის პროექტი „სოფლის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში“, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება, მიმართულია რეგიონების განვითარების სისტემის გაუმჯობესებაზე შესაბამისი პოლიტიკის შექმნისა და განხორციელების გზით, ასევე სერვისებისა და ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

რაც შეეხება, USAID-ის „ძლიერი სოფლის პროგრამას“, ის მიზნად ისახავს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან და გამყოფ ხაზთან მდებარე მდებარე თემების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას, მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების გაძლიერებას, ისევე როგორც, სამიზნე თემებში მოქმედი საწარმოების მიერ რეგიონული, ქვეყნის და საერთაშორისო ბაზრების ათვისებასა და ინვესტიციების მოზიდვას მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდისა და ეკონომიკური დივერსიფიცირების მიზნით. ასევე შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან მდებარე მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების/ფერმერების ჩართვას წარმოების ღირებულებათა ჯაჭვში, ბაზართან და მომხმარებელთან უკეთესი წვდომის მიზნით. 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანის მოსაზრებით, „ასეთ პროექტებში ბიზნეს სექტორის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი საინვესტიციო პარტნიორობა კერძო სექტორთან ხელს შეუწყობს ქვეყნის რეგიონულ განვითარებას“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებმა დასვეს მათთვის აქტუალური და საინტერესო კითხვები, რის შემდეგაც გაიმართა დისკუსია.

„ბიზნეს სექტორის ინფორმირება და ასეთი ტიპის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია კერძო-საჯარო თანამშრომლობისთვის. ბიზნესის ჩართულობა რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროცესში საკვანძოა, რადგან ბიზნესში არის გამოცდილება და კომპეტენცია, შესაბამისად, მათ უკეთ იციან, სად შეიძლება სწორი ინვესტიციების გაკეთება, თუმცა შესაძლოა აუცილებელი გახდეს სახელმწიფოს მხარდაჭერა, რათა ინფრასტრუქტურა მიჰყვეს ბიზნესის განვიათრებას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.