(+995 32) 2 202-215

სიახლეები

სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში რადიკალური ცვლილებების განხორციელება ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის გარეშე  შესაძლოა საფრთხეებს შეიცავდეს - BAG

12 ივნ '23

სამედიცინო სფეროს მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს.

ასოციაციაში მიიჩნევენ რომ „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში, „სამეწარმეო საქმიანობის შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილმა ცვლილებებმა, რომელიც მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებების ზრდას გულისხმობს და ორიენტირებულია ადმინისტრირების გამარტივებისა და ხარვეზების აღმოფხვრისკენ, შესაძლოა პრაქტიკაში არაერთი პრობლემა წარმოშვას.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, „მაკონტროლებელი ორგანოს უფლებამოსილებების შეუსაბამო ზრდით, სასამართლოს როლი სამედიცინო საქმიანობის კონტროლის განხორციელებისას სუსტდება და გარკვეულ დარღვევებზე ჯარიმების ოდენობა მკვეთრად იზრდება. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება სამედიცინო სექტორთან წინასწარი კონსულტაციების გარეშე არ შეესაბამება რეგულატორული პოლიტიკის გატარების იმ საუკეთესო პრაქტიკას, რომელიც ორიენტირებულია ხარვეზების კოოპერაციის გზით აღმოფხვრაზე.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს, ანალოგიური ცვლილებების განხორციელების ინიცირებისას, ღია დისკუსიებმა საკანონმდებლო ორგანოსა და საჯარო სივრცეში ნათლად წარმოაჩინა კანონპროექტით გათვალისწინებული რიგი მიდგომების რისკები და არაეფექტურობა, რის საფუძველზეც შესაბამისი კანონპროექტი არ დამტკიცებულა.

აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული რისკები და საფრთხეები დღესაც აქტუალურია და მიგვაჩნია, რომ ამ რისკების სისტემატიზებული და დასაბუთებული წარმოჩენის საუკეთესო გზა იქნებოდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება,  თუმცა, სამწუხაროდ, ამგვარი ანალიზი არც ამჯერად ახლავს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს“.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია თხოვნით მიმართავს კანონპროექტის ავტორებს და საკანონმდებლო ორგანოს, გადაიხედოს საკანონმდებლო ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღების შესახებ გადაწყვეტილება და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან კონსულტაციების გზით თავიდან იქნას არიდებული იმგვარი რეგულაციის მიღება, რომელიც შექმნის ამ სფეროში არსებულ კომპანიებზე მარეგულირებელი წნეხის საფრთხეს.