(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრებას წაახალისებს

20 ივნ '23

საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომელსაც ხელი ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ და ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მოაწერეს.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის სტანდარტების დამკვიდრების წახალისებას და მხარეებს შორის თანამშრომლობას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობის მიმართულებით.

მემორანდუმის საფუძველზე, ბიზნეს ასოციაცია და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საკუთარი პასუხისმგებლობების ფარგლებში, ორმხრივად სასარგებლო კორპორაციული მდგრადობის წამახალისებელი აქტივობების განხორციელებისთვის იმუშავებენ და მხარდაჭერის მექანიზმებს შეიმუშავებენ.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სახის თანამშრომლობას, რომელიც ორიენტირებულია საერთო ხედვებისა და ამოცანების განხორციელებაზე. აღნიშნული მემორანდუმი ასოციაციის წევრ კომპანიებში კორპორაციული მდგრადობის კომპონენტის გაძლიერებას წაახალისებს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან პროდუქტიული იქნება“ - განაცხადა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

შეგახსენებთ, რომ გაეროს გლობალური შეთანხმება მსოფლიოში ყველაზე მსხვილი კორპორაციული მდგრადობის ინიციატივაა, რომელიც 160-ზე მეტი ქვეყნიდან 22 000 – ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ორგანიზაციის მისიაა ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნა.