(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას ეხმიანება

31 იან '24

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო სწორი და გონივრული გადაწყვეტილება, რომლის შესაბამისადაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5% შემცირდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სრულად შეესატყვისება ბოლო პერიოდში ინფლაციის შემცირებულ მაჩვენებელს, რომელიც ამ ეტაპზე სამიზნე მიზნობრივ ნიშნულზე, კერძოდ კი 3 %-ზე  დაბალია.

ასოციაციის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  „მისასალმებელია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ყურადღებით ადევნებს თვალს როგორც ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, ასევე მიყვება იმ გლობალურ ტენდენციას, რომელიც 2024 წელს საპროცენტო განაკვეთების შემცირებას გულისხმობს.

აღსანიშნავია, რომ საპროცენტო განაკვეთების შემცირება, თავისთავად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, რადგან ერთის მხრივ, იზოგება ხარჯები, რაც ბიზნესის ზრდაში გარდაისახება, მეორეს მხრივ, კი აღნიშნული ქმნის პოზიტიურ განწყობებს და სიგნალს აძლევს ბიზნესს, დამატებით მოიზიდოს საინვესტიციო კაპიტალი.

შესაბამისად, ზემოხსენებული გადაწყვეტილება წაახალისებს ბიზნეს აქტივობას, შექმნის მეტ სამუშაო ადგილს, გამოიწვევს მეტ დაკრედიტებას და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ზრდას"- ნათქვამია საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებაში.