(+995 32) 2 202-215

სიახლეები

განახლებადი ენერგია და შუა დერეფნის პოტენციალი საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან განიხილეს

21 თებ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი ქვეყნებს შორის ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებასა და ბიზნეს კონტაქტების გაღრმავებას შეეხო.

შეხვედრის ფარგლებში, ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობისთვის პრიორიტეტულ მიმართულებებსა და  პროექტებზე და იმ წამახალისებელ სქემებზე, რომელიც იაპონიის მთავრობას ადგილობრივი კომპანიების საერთაშორისო პარტნიორობის მხარდასაჭერად აქვს შემუშავებული. საუბარი, ასევე, შეეხო შავი ზღვის ელექტროკაბელს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ევროპასთან კავკასიის ენერგორესურსების წვდომაში, რაც თავის მხრივ, იაპონური კომპანიების საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალით დაინტერესებას განაპირობებს.

შეხვედრისას საუბრის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო შუა დერეფნის სატრანზიტო მნიშვნელობას, ფუნქციებსა და შესაძლებლობებს, კერძოდ, გლობალურ სატრანზიტო მარშრუტებზე შექმნილი სირთულეების გათვალისწინებით ყურადღება გამახვილდა აზიური ტვირთების ევროპაში მოხვედრის საქართველოზე გამავალ დერეფანზე, იაპონიის მთავრობის მხარდაჭერასა და ლოგისტიკურ და სატრანსპორტო სექტორებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსალოდნელ ზრდაზე.

„უცხოელ პარტნიორებთან აქტიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. შეხვედრა შედგა იაპონიის ელჩთან იშიძუკა ჰიდეკთან, სადაც საუბარი შეეხო განახლებადი ენერგიების პროექტებსა  და შუა დერეფნის მნიშვნელობას. ვფიქრობ, მსგავსი სახის პარტნიორული ურთიერთობები ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალის განვითარებას, რადგან მსგავსი კომუნიკაცია განაპირობებს პირდაპირ ბიზნეს კავშირებსა და პოტენციურ თანამშრომლობას“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.