(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ახალი ჯანდაცვის მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურა

11 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე გადაცემა „მონეტიზაციაში“, პალიტრანიუსზე ჯანდაცვის ახალი მინისტრის დანიშვნას გამოეხმაურა. მისი თქმით, „ჯანდაცვის სამინისტროსთან საქმიანი და ამავდროულად ეფექტიანი კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სექტორში მოღვაწე კომპანიებისთვის, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა ნებისმიერი რეფორმის პროცესი  ჩიხში შევიდეს და გაცილებით მასშტაბურ პრობლემად იქცეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო სოციალური თუ ჯანდაცვის სერვისებით “.

„მიხეილ სარჯველაძის დანიშვნა ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ნამდვილად იმედის მომცემია, ვინაიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის მეთაურის გაცხადებული ხაზის ლოგიკური გაგრძელებაა, რომელიც კერძო-საჯარო დიალოგის გაღრმავებისკენ არის მიმართული. ახალ მინისტრთან ყოველთვის აქტიური და საქმიანი კომუნიკაცია გვქონდა, როგორც საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ამავდროულად, მეწარმეთა კანონის თანაავტორთან, რამაც პოზიტიური შედეგი გამოიღო და მოხდა იმ საკითხების სწორი ანალიზი, რომელიც ბიზნეს სექტორსა და ასოციაციის წევრ კომპანიებს აწუხებდათ. მიხეილ სარჯველაძე ყოველთვის მზად და ღია იყო საქმიანი დიალოგისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ეს თამასა დაბლა არ დაიწევს, პირიქით კიდევ უფრო მეტი კომუნიკაცია გვექნება, რადგან საკითხების ჩამონათვალი ახლა გაცილებით ვრცელია“ განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის თქმით, ძირითადი საკომუნიკაციო საკითხები იქნება, როგორც სოციალური საკითხები და შრომის კანონმდებლობა, ასევე ჯანდაცვისა და ფარმაციის სექტორები.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ყოველთვის ითვალისწინებს, წევრი კომპანიების ობიექტურ ინტერესებს და ადვოკატირების პროცესის დაწყებამდე ხდება საკითხების დეტალური ანალიზი და შესწავლა, რათა ჩვენ თვითონ დავრწმუნდეთ, კიდევ ერთხელ, რამდენად სამართლიანია წარმოდგენილი საკითხი. შესაბამისად, სამართლიანობისა და კომპეტენციის გათვალისწინებით, ვგეგმავთ, სამინისტროსთან შემდგომ თანამშრომლობას. აქვე, ვულოცავთ მიხეილ სარჯველაძეს ახალ,  საპასუხისმგებლო თანამდებობას და ვიმედოვნებთ, რომ გვექნება ძალიან საქმიანი და პროფესიული კომუნიკაცია“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.