(+995 32) 2 202-215

სიახლეები

პერუს ახალი პორტი და საინვესტიციო პოტენციალი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და პერუს ელჩის შეხვედრის მთავარი საკითხი

12 მარ '24

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საქართველოში პერუს რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ორი ქვეყნის ეკონომიკურ და ბიზნეს ურთიერთობებს, ექსპორტ-იმპორტისა და ინვესტიციების პოტენციალს. აღსანიშნავია, რომ შეხვედრას ესწრებოდა პერუს საპატიო კონსული საქართველოში მიხეილ ჭკუასელი.

შეხვედრის ფარგლებში, პერუს ელჩმა კესარ დე ლას კასასმა ისაუბრა პერუს ახალ უმსხვილესს პორტზე, რომელიც დააკავშირებს სამხრეთ ამერიკასა და აზიას, რაც თავის მხრივ ახალ შესაძლებლობებს გააჩენს ჩვენს რეგიონთან სავაჭრო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის გაღრმავების თვალსაზრისით.

საუბარი, ასევე, შეეხო ტრანსპორტსა და ლოგისტიკას, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საკითხებს, ასევე პერუში არსებულ ბიზნეს საქმიანობის მხარდამჭერ სქემებსა და მექანიზმებს.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა თავის მხრივ, ისაუბრა ასოციაციის და მისი წევრი კომპანიების საქმიანობის სპეციფიკასა და თანამშრომლობის შესაძლო სექტორებზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება და საინვესტიციო  პოტენციალის კვლევა. ასეთი შეხვედრები გვაძლევს საშუალებას მეტი ინფორმაციის მოძიებისა და პირდაპირი კომუნიკაციის დამყარების, რასაც ჩვენ მიზნობრივად ვუზიარებთ ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს“ განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.