შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სისტემის განვითარებისათვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის შესახებ სატენდერო განცხადება
24 თებ '25
ტენდერის გამოცხადების თარიღი: 24 თებერვალი, 2025 წელი
წინადადებების მიღების ვადა: 03 მარტი, 2025 წელი
1.ზოგადი ინფორმაცია
- შემსყიდველის შესახებ
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 2009 წელს დაფუძნებული არაკომერციული იურიდიული პირია, რომელიც აერთიანებს 130-მდე ბიზნეს ჯგუფსა და ჰოლდინგური ტიპის კომპანიებს. შესაბამისად, თითოეული ჰოლდინგური ჯგუფი, თავის მხრივ, მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციას მოიცავს. ამიტომაც, საერთო ჯამში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია 1200-ზე მეტ სხვადასხვა ზომის კომპანიას აერთიანებს.
ორგანიზაციის მთავარი დანიშნულებაა წევრი კომპანიების ლეგიტიმური და ობიექტური ბიზნესინტერესების წარდგენა და დაცვა.
ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისათვის და წევრი კომპანიების ინტერესების შესაბამისად, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია უკვე წლებია აქტიურად მუშაობს იმ ეკონომიკურ და საკანონმდებლო რეფორმებზე, რაც ხელს უწყობს კერძო სექტორის განვითარებას და ეკონომიკის ზრდას.
- შესყიდვის ობიექტის დასახელება და აღწერა
ააიპ „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ (ს/კ 205282781) აცხადებს ტენდერს შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სისტემის (ADR) განვითარებისათვის საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე.
საკონსულტაციო მომსახურება მოიცავს:
ა) შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტის სისტემასთან დაკავშირებით კარგი პრაქტიკების მოძიებას და ანალიზს ქართულ სამართლებრივ სისტემასთან შესაბამისობის მიზნებისათვის;
ბ) პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას კარგი პრაქტიკისა და ანალიზის საფუძველზე (10-15 გვერდი);
გ) საკონსულტაციო/საგანმანათლებლო შეხვედრების გამართვას დაინტერესებულ მხარეებთან (2-3 შეხვედრა, ჯამში არაუმეტეს 12 საათისა);
დ) საკონსულტაციო-საგანმანათლებლო შეხვედრებისთვის სასწავლო მასალის მომზადება
ე) დაინტერესებულ მხარეებთან ერთად კონფერენციაზე შესაბამისი პრეზენტაციის (პოლიტიკის დოკუმენტის) წარდგენას (არაუმეტეს 4 საათი).
*შენიშვნა: მომსახურება ხორციელდება ქართულ ენაზე
2.განფასების მოთხოვნის პირობები
- ფასის მოწოდება ხდება ელექტრონული ფორმით, შემსყიდველის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე ხელმოწერილი დოკუმენტის გაგზავნის გზით.
- წინადადებაში მითითებული ფასი უნდა იყოს მოცემული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწნებული ყველა გადასახადის გათვალისწინებით (ჩათვლით).
3.მომსახურების გაწევის ფორმა, ადგილი და ვადა
- მომსახურების გაწევა მოხდება საქართველოში, ქალაქ თბილისში.
- მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტი დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის მიზნებისათვის გადაეცემა შემსყიდველს და კონსულტაციების შედეგების შესაბამისად მოხდება მასში ცვლილებების განხორციელება.
- პოლიტიკის დოკუმენტის საბოლოო ვერსია შემსყიდველს უნდა წარედგინოს ელექტრონული ფორმით, ქართულ ენაზე.
- წინამდებარე დოკუმენტის 1.2. პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება უნდა დაიწყოს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა და დასრულდეს 20 სამუშაო დღის ვადაში;
- წინამდებარე დოკუმენტის 1.2. პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდება პრეტენდენტისათვის უნდა განხორციელდეს წინასწარ შეთანხმებულ დროს, არაუგვიანეს 2025 წლის დეკემბრის თვისა.
4.ანგარიშსწორების პირობა
- ანგარიშსწორება მოხდება ეტაპობრივად, მომსახურების შესაბამისი ნაწილის გაწევის შემდეგ, ხელშეკრულებით ნაკისრი შესაბამისი ვალდებულებების შესრულების პროპორციულად, 5 სამუშაო დღის ვადაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით.
5.საკვალიფიკაციო მოთხოვნები
5.1. ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია სრულწლოვან ფიზიკურ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) შრომის სამართლის მიმართულებით აკადემიური საქმიანობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
ბ) საქართველოს შრომის სამართალსა და საერთაშორისო შრომის სტანდარტებთან (მათ შორის ევროპული კავშირის დირექტივებთან) დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
გ) საერთაშორისო პროექტებში კონსულტანტად ან/და საერთაშორისო ორგანიზაციებთან საკონსულტაციო მუშაობის არანაკლებ 10 წლიანი გამოცდილება;
დ) სამეცნიერო/კვლევითი პუბლიკაციების როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე (სულ მცირე 2);
ე) ბიზნეს საკონსულტაციო ორგანციაზებში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
6.გამარჯვებულის გამოვლენა
- ტენდერით დაინტერესებულმა ფიზიკურმა პირებმა წინადადებები უნდა წარადგინონ შემსყდველის ელექტრონულ ფოსტაზე: info@bag.ge ტენდერი ჩატარდება ეგრეთ წოდებული ერთი კონვერტის პრინციპით.
შენიშვნა: შემსყიდველი არ არის ვალდებული მონაწილე ფიზიკურ პირს მისცეს სიტყვიერი ან წერილობით ახსნა-განმარტება ტენდერთან დაკავშირებულ ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
7.პრეტენდენტის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- განფასება ამ დოკუმენტის 1.2 პუნქტის გათვალისწინებით. ფასი მოცემული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა გადასადახის ჩათვლით, ხელმოწერილი, სკანირებული ვერსია.
- ფიზიკური პირის შემდეგი პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, პირადი ნომერი;
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ელექტრონული ასლები)
8.დამატებითი ინფორმაცია
- შემსყიდველი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს პრეტენდენტებისგან მიღებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ დადასტურდება, რომ პრეტენდენტის მხრიდან მოწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან გაყალბებულია, პრეტენდენტი იქნება დისკვალიფიცირებული.
- შესაძლებელია განხორციელდეს პრეტენდენტებისაგან სხვა დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნა და/ან წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება ტენდერის მსვლელობის პერიოდში;
სატენდერო წინადადების მიღების ბოლო ვადაა: 2025 წლის 03 მარტი, 18:00 საათი.
ტენდერის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@bag.ge .