საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიასთან შეხვედრა გაიმართა
13 ნოემ '26
საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა (BAG) და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მისიას შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ტენდენციები, ბიზნესგარემო და კერძო სექტორის წინაშე არსებული გამოწვევები განიხილეს.
შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მისიის წარმომადგენლებს BAG ინდექსის პრეზენტაცია წარუდგინა, რომელშიც დეტალურად იყო ასახული კერძო სექტორის მიმდინარე განწყობები, მოლოდინები და ეკონომიკური აქტივობის ძირითადი მაჩვენებლები.
დისკუსიისას მხარეებმა სიღრმისეულად მიმოიხილეს ქვეყანაში არსებული ბიზნესკლიმატი და საინვესტიციო გარემო. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვალუტის გაცვლითი კურსის დინამიკასა და მის გავლენას ბიზნესოპერაციებზე. შეხვედრაზე ასევე განიხილეს შრომის ბაზარზე არსებული ვითარება, დასაქმების სტატისტიკა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის პრობლემა, რომელიც ბიზნესსექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება.
საუბარი შეეხო გლობალურ გეოპოლიტიკურ ვითარებასაც - მხარეებმა იმსჯელეს მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტებსა და მათ გავლენაზე საქართველოს ეკონომიკასა და რეგიონულ ვაჭრობაზე. ამ კონტექსტში განიხილეს ავტომობილების ექსპორტის საკითხები, შუა დერეფნის მზარდი როლი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის მნიშვნელობა და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, როგორც ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერების უმთავრესი ფაქტორები.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მრავალწლიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა აკავშირებს. ჩვენთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია ფონდის მისიას გავუზიაროთ კერძო სექტორის ობიექტური შეფასებები, რომლებიც BAG ინდექსშია თავმოყრილი. შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ როგორც მაკროეკონომიკური პარამეტრები და შრომის ბაზრის გამოწვევები, ისე ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები და რეგიონული პროცესები, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან ეკონომიკურ ზრდასა და საინვესტიციო მიმზიდველობას განსაზღვრავს“ - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.