(+995 32) 2 202-215

პასუხისმგებლობა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის და მისი წევრების დაფინანსებით რესტავრირებული მწერალთა სახლის მესამე სართული საზეიმოდ გაიხსნა

19 ივნ '17

2017 წლის 16 ივნისს  მწერალთა სახლის მესამე სართულის  საზეიმო გახსნის ცერემონია გაიმართა, რომლის რეაბილიტაცია-აღდგენა სრულად დააფინანსა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და მისმა წევრებმა. მიღებას ესწრებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი,  მთავრობის  წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი რანგის პირები, საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, ასოციაციის წევრი კომპანიებისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საზეიმო გახსნაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირაკლი ასლანიშვილმა სპეციალურად ამ დღისათვის დამზადებული მადლობის სიგელები გადასცა ასოციაციის წევრ იმ კომპანიებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს  რესტავრაციაში. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს აღდგენილი მესამე სართული და მოისმინეს მწერალთა სახლის ისტორია.

შენობა  რომელიც დღეს, „მწერალთა სახლის“ სახელითაა ცნობილი, 1905 წელს აშენდა, როგორც ცნობილი მეცენატის, დავით სარაჯიშვილის სასახლე - გამორჩეული ადგილი თბილისური ბოჰემური ცხოვრების და დიდი შეხვედრებისა. სარაჯიშვილის და მისი მეუღლის სიკვდილის შემდეგ, 1916 წელს სახლი იყიდა საზოგადო მოღვაწემ და ქველმოქმედმა  აკაკი ხოშტარიამ, რომელიც 1921 წელს იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო როგორც მენშევიკური მთავრობის გულშემატკივარი. 1921 წელს, გასაბჭოებიდან მესამე დღეს, რევოლუციურმა კომიტეტმა სარაჯიშვილისეული სახლი პაოლო იაშვილის ინიციატივით გადასცა მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებას.

2008 წლიდან სარაჯიშვილისეული სახლი მმართველობაში გადაეცა  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან არსებული სსიპ-ს “მწერალთა სახლს”.

2016 წლის ოქტომბერში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და დაფინანსებით დაიწყო მესამე სართულის სრული რეაბილიტაცია,  მოეწყო და სრულად აღიჭურვა ხელოვანთა რეზიდენციები - პასტერნაკის, სტეინბეკის, დიუმას, უორდროპების, ნიზამის სახელობის ოთახები. აღნიშნული სამწერლო რეზიდენციების გახსნით მწერალთა სახლი დანარჩენი მსოფლიოს ლიტერატურული სახლებისა და რეზიდენციების ქსელს შეუერთდება. უცხოელი მწერლები და მთარგმნელები შეძლებენ, საქართველოში სტუმრობისას ამ ულამაზეს სახლში დაბინავდნენ.

რეზიდენციების არსებობა მეტ საშუალებას მისცემს ქვეყანას, გააფართოვოს კულტურული კავშირები და ინტეგრირდეს საერთაშორისო ლიტერატურულ ორგანიზაციებთან, რეზიდენციებთან და ლიტერატურულ გაერთიანებებთან.