(+995 32) 2 202-215

პასუხისმგებლობა

საქართველოს ეკონომიკა: შედეგები, გამოწვევები, შესაძლებლობები

26 აპრ '17

25 აპრილს საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ დაიწყო პროექტი სახელწოდებით „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განათლებისთვის“. 

პროექტის მიზანია, სტუდენტებმა გაიზიარონ ასოციაციაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება ბიზნესსა და ეკონომიკაში და მიეცეთ მათ საშუალება, ინსტიტუტში ნასწავლი საკითხები გადმოიტანონ რეალობაში, შეექმნათ წარმოდგენა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, პოლიტიკებზე სხვადასხვა მიმართულებით. ამ მიზნით, ასოციაცია სისტემატურად გამართავს შეხვედრებს, სადაც სტუდენტები მოისმენენ პოლიტიკის შემქმნელების მოსაზრებებს ეკონომიკაზე, ევროპასთან ეკონომიკურ ინტეგრაციაზე, ენერგეტიკაზე, ტურიზმზე და სხვა აქტუალურ თემებზე.

25 აპრილს გაიმართა პირველი შეხვედრა სახელწოდებით „საქართველოს ეკონომიკა: შედეგები, გამოწვევები, შესაძლებლობები“.  სტუდენტებთან ამ თემაზე სასაუბროდ საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მოიწვია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ნინო ჯავახაძე, თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, ვახტანგ ლეჟავა, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტი, ერიკ ლივნი და მსოფლიო ბანკის ეკონომიკური პოლიტიკის პროგრამის ლიდერი სამხრეთ კავკასიაში, ჟენევიევ  ბუარო.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ სტუდენტებს გააცნო ეკონომიკის სამინისტროს ხედვა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ესაუბრა მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარება, საპენსიო რეფორმის აუცილებლობა, სავაჭრო ხელშეკრულებები და ბიზნესისთვის ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აუცილებელი სხვა ინსტრუმენტები.

შეხვედრის მეორე ნაწილში კი ვახტანგ ლეჟავამ, ერიკ ლივნიმ და ჟენევიევ ბუარომ სტუდენტებთან ისაუბრეს, რა ალტერნატიული სტრატეგიები შეიძლება გამოიყენოს საქართველომ ეკონომიკური განვითარების პოლიტიკაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ამ პროექტის ფარგლებში პერიოდულად ჩაატარებს შეხვედრებს სტუდენტებთან და შეეცდება, შექმნას ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების სასარგებლო პლატფორმა.