(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

მამუკა ბახტაძე - ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია

თუ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, - ასე გამოეხმაურა ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ ინფორმაციას 2017 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შესახებ.

მამუკა ბახტაძის განცხადებით, "საქართველოს ბიზნესასოციაციასთან" შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ სტატისტიკას, რომელიც დღეს დილით გამოქვეყნდა. 

"მესამე კვარტალში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა გვაჩვენა 17.6%-ით. მეტსაც გეტყვით, თუ ჩვენ სამი კვარტლის სტატისტიკას ავიღებთ, ასეთი მაღალი პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს არასდროს ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ ის საერთაშორისო სავაჭრო რეჟიმები, რაც გაფორმა საქართველოს მთავრობის მიერ როგორც ევოკავშირთან, ასევე ჩინეთთან, უკვე იძლევა კონკრეტულ შედეგებს. მე პირადად ვფიქრობ, რომ მომავალი წელი კიდეც უფრო კარგი იქნება ამ მიმართულებით", - განაცხადა ბახტაძემ.

2017 წლის 9 თვეში საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა ჯამურად 1 მლრდ 346 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.9 %-ით მეტია. 

ლინკი