(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

მამუკა ბახტაძე - ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია

ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ "საქართველოს ბიზნესასოციაციათან" შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ გამართულ შეხვედრას ძალიან საინტერესო უწოდა. 

"შეხვედრაზე გავაჟღერეთ ის ინიციატივები და რეფორმები, რომელსაც ჩვენი სამინისტრო გეგმავს, რომ მომავალ წელს დანერგოს, მოვისმინეთ უკუკავშირი ამ ყველაფერზე. განსაკუთრებული ინტერესის საგანია დღგ- ს ზედმეტობის დაბრუნების რეფორმა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ქართული ბიზნესისთვის. დაახლოებით, 600 მილიონი ლარის წვდომას მისცემს ეს ჩვენს მეწარმეებს, რაც მათ ძალიან გაუადვილებთ ბიზნესის კეთებას. გარდა ამისა, ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რაც ეხება საბაჟო რეფორმას. ჩვენ გვაქვს ძალიან მასშტაბური გეგმები, რომ მოხდეს საბაჟო პროცედურების სრული დიჯიტალიზაცია და ამ კუთხით მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა ქართველი მეწარმეებისგან", - განაცხადა ბახტაძემ.

რაც შეეხება დღგ-ს რეფორმის ნაწილს, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის ხვალაც დეტალურად გეგმავს, რომ ამ საკითხზე პარლამენტში ისაუბროს.


"ზოგადად, გეტყვით, რომ ეს გულისხმობს ავტომატური დაბრუნების მართვის სისტემის დანერგავს, ისე, რომ ბიზნესს არ ჰქონდეს ბიუროკრატიასთან შეხება. დაახლოებით, 5-7 სამუშაო დღეეში მეწარმემ დაიბრუნოს უკან ის, რაც მას ობიექტურად ეკუთვნის", - განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ეს საკითხი შეთანხმებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დოკუმენტში და აქედან გამომდინარე, ის ეხება ყველა სექტორს. 

"ვიზიარებ პოზიციას, რომ მაქსიმალურად უნდა შეეცადოს მთავრობა, რომ ნებისმიერი ასეთი ინიციატივა იყოს ბიზნესისთვის მოქნილი, მაგრამ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება და ჩვენ ამ ვალდებულებებს პატივი უნდა ვცეთ.
ჩვენ ვფიქრობთ, თითოეულ სექტორს როგორ მივცეთ დამატებითი შეღავათი, მაგრამ კიდეც ერთხელ ვამბობ, რომ ეს არის საერთაშორისო ვალდებულება. ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მთავრობის და ფინანსთა სამინისტროს გადასაწყვეტი", - განაცხადა ბახტაძემ.