(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ მთავრობის ეკონომიკურ გუნდს სამოქმედო გეგმის წარდგენის რეკომენდაციას აძლევს

„ვიმედოვნებ, რომ  მთავრობის ეკონომიკური გუნდი წარმოადგენს სამოქმედო გეგმას და ბაზარს დაამშვიდებს,“-ასე ეხმაურება „კომერსანტთან“  „საქართველოს ბიზნესს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე  ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. მისი განცხადებით, ბაზარზე მოლოდინები უფრო მეტ ნეგატიურ ეფექტს ახდენს,  ვიდრე  რომელიმე კონკრეტული შოკური მოვლენა. შესაბამისად, იმისათვის, რომ მოლოდინები გადავფაროთ, ამისთვის აუცილებელია უფრო მეტი ოპტიმიზმი და ამ შემთხვევაში ეს მთავრობის ეკონომიკური გუნდისგან უნდა წამოვიდეს.

ვეფხვაძის მტკიცებით, ხელისუფლებამ კონკრეტული სამოქმედო გეგმა უნდა წარმოადგინონ იმისათვის, რომ ბაზარი დაამშვიდოს.

„ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ  უფრო ძლიერად  გამოვალთ ამ სიტუაციისგან, ვიდრე ვიღაცას ჰგონია. ჩვენ ამის მაგალითი უკვე ვნახეთ წლების წინ, როდესაც ემბარგოებს და დასჯებს ქართული ბიზნესის გაძლიერება მოჰყვა. პრობლემა არის ის, რომ მოკლევადიანი ნეგატიური ეფექტი კომპანიების გარკვეულ ნაწილზე იქნება. ასევე  იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩართულნი არიან  ტურისტულ ინდუსტრიაში. მთავარია, რა შემამსუბუქებელ ღონისძიებებს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომპანიებს და ადამიანებს ნეგატიური გავლენა შეუმსუბუქოთ,“-აღნიშნავს ვეფხვაძე.

რაც შეეხება სავალუტო ბაზარს, ვეფხვაძის განმარტებით, მთავრობის აქტიურობაზეა დამოკიდებული რამდენად დაარწმუნებს ბაზრის მოთამაშეებს, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი დარწმუნებულია, რომ შექმნილი სიტუაციის შედეგად პანიკა არ იქნება არც ლართან დაკავშირებით. ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ეკონომიკური გუნდი გეგმას წარმოადგენს.

როგორც ვეფხვაძე განმარტავს, ხვალ ბიზნესასოციაცია წევრ კომპანიებს შეხვდება და აღნიშნულ თემებს განიხილავს.

ლინკი