(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

BAG: ბიზნესს პარლამენტში სპეციალური წარმომადგენელი ეყოლება

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ასოციაცია შემოდგომაზე პარლამენტში საკანონმდებლო წინადადების ინიცირებას გეგმავს. კერძოდ, ბიზნესს სურს პარლამენტში სპეციალური წარმომადგენელი ჰყავდეს, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების შემთხვევაში პროცესებში მიიღებს მონაწილეობას. 

რა ერქმევა ბიზნესის წარმომადგენელს პარლამენტში ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არ არის, თუმცა როგორც ვეფხვაძე ამბობს, შესაძლოა მათ წარმომადგენელს საპარლამენტო მდივანი ერქვას. 

„ზაფხულის განმავლობაში სპეციალური მიმდინარე სამუშაო პროცესი იქნება. წარმომადგენლობა არ ნიშნავს იმას, რომ პარტია შეიქმნას და ჩვენ სადეპუტატო წარმომადგენლობა გვყავდეს. საუბარია აბსოლუტურად სხვა რამეზე, კერძოდ, იმაზე, რომ ჩვენ პარლამენტში ჩვენი ოფისი გვქონდეს და ე.წ. საპარლამენტო მდივანი გვყავდეს, რომელიც კანონმდებლობაში მიმდინარე პროცესებს თვალ-ყურს მიადევნებს. 

ევროპული პრაქტიკა რომ ნახოთ, იქ მთავრობა არის კანონპროექტების ინიციატორი. ჩვენთან ძალიან დიდი წილი პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებული კანონპროექტებია, შესაბამისად აუცილებელია მოსმენა ზოგი კანონი დაჩქარებული წესით მიდის და მასზე მიდევნებაა საჭირო, რომ ყოველი მოსმენის წინ რაიმე არ შეიცვალოს, რომელიც კეთილი განზრახვით პარლამენტის წევრმა გადაწყვიტა, რომ კანონში ჩადოს, მაგრამ ბიზნესს ისეთი ტიპის პრობლემების წინაშე აყენებს, რომელმაც ხვალ და ზეგ შესაძლოა პრობლემები ეკონომიკაში შექმნას“ - განაცხადა ვეფხვაძემ. 

ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებითვე, აღნიშნული გადაწყვეტილება დაახლოებით თვე-ნახევრის წინ იქნა მიღებული. 

„ჩვენ გვინდა საპარლამენტო ორგანოსთან კომუნიკაციაში უფრო აქტიურები და ეფექტურები გავხდეთ. ჯერ არ არის ჩამოყალიბებული არც სახელი და არც სტრუქტურა. 

დღევანდელ კანონმდებლობაში ერთი ცუდი რამ არის დატოვებული. მაგალითად, თუკი მთავრობის მიერ არის ინიცირებული კანონპროექტი, მას სჭირდება RIA-ს ანგარიში და პარლამენტის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებს RIA ჯერჯერობით არ მოეთხოვებათ, თუმცა ვიცით, რომ ამაზე მუშაობა მიმდინარეობს“ - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.

ლინკი