(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

BAG-ის "ოქროს სიის“ გაუქმებული შეღავათებით სარგებლობის იმედი ისევ აქვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას "ოქროს სიის" უკვე გაუქმებული შეღავათების დროებით აღდგენის მიზნით ფინანსთა სამინისტროსთან კომუნიკაცია აქვს. ამის შესახებ BM.GE-ის ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა. 

"ძალიან აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ფინანსთა სამინისტროსთან ყველა მიმართულებით. ჩვენ ისევ იმ პოზიციაზე ვართ - იმის გამო, რომ მოუმზადებლად და დაჩქარებულად მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ეს დროებით მაინც, სულ მცირე, უნდა შეჩერდეს. ყველაზე იდეალურია, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ უკან გაიწვიოს, მაგრამ ე.წ. კომპრომისული ვარიანტი იქნება, რომ მისი მოქმედება გარკვეული პერიოდი შეჩერდეს მანამ, სანამ არ გადავხედავთ საუკეთესო, თუნდაც ევროპულ პრაქტიკას, სადაც ვნახავთ, რეალურად იმპორტიდან დღგ-ის გადახდამდე რამდენი დღე არის ევროპულ სივრცეში. თუ აღმოჩნდება, რომ იქ პირობითად, არის 25 დღე და ჩვენთან - ხუთი, ჩვენ მოვითხოვთ, რომ ეს დღეები ევროკავშირთან ჰარმონიზაციის მიმართულებით გავათანაბროთ და იყოს ისე, როგორც ევროკავშირშია. 

აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა ცალსახაა - ჩვენ ერთი მხრივ, ვართ იმის მომხრე, რომ გარკვეული ერთიანი სტანდარტი იყოს, მაგრამ ეს სტანდარტი ევროპულ, საუკეთესო პრაქტიკას უნდა ეფუძნებოდეს. ამავდროულად, თუ ამ ევროპულმა პრაქტიკამ შესაძლოა, გარკვეული თაღლითობის სქემები წაახალისოს, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ საქართველოს მთავრობასთან იმისათვის, რომ ამ თაღლითური სქემების ამოძირკვა მოხდეს და დავიცათ მათ შორის, კეთილსინდისიერი მეწარმეები", - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანის გადაწყვეტილებით, "ოქროს სიის" 218 წევრ კომპანიას იმპორტის გადასახადის 30–დღიანი ვადა გაუუქმდა და 5 დღემდე შეუმცირდა; ასევე, ყველასთვის გაუქმდა წინასწარ დეკლარირების შემთხვევაში, გადახდის 15-დღიანი პერიოდი.

ლინკი