(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ლევან ვეფხვაძე „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებაზე - აქ მხოლოდ ფინანსური საკითხები არაა მთავარი, აქ სასწორზე დგას ნდობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის

რა ფორმითაც მოხდა გადაწყვეტილების მიღება, ის რომ კომპანიები არ იყვნენ მზად, იყო ძალიან დიდი შეცდომა. აქ მხოლოდ ფინანსური საკითხები არაა მთავარი, აქ სასწორზე დგას ნდობა ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ფინანსთა მინისტრის ბრძანების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, დღეიდან იმპორტის გადასახდელის გადახდის 5-დღიანი ვადა „ოქროს სიაში“ მყოფ ყველა კომპანიაზე გავრცელდება.
 
როგორც ლევან ვეფხვაძე აცხადებს, აღნიშნული ბრძანება მინიმუმ უნდა შეჩერდეს და 2-3 თვის განმავლობაში ბიზნესმა და სამინისტრომ ერთად იმსჯელონ იმპორტის გადასახდელების გადახდის ოპტიმალური ვადების შერჩევაზე.
 
მისივე თქმით, ნებისმიერი რეგულაცია და ცვლილება რეგულაციაში, რომელიც შეიძლება ხელისუფლებამ განახორციელოს, გარკვეულწილად უნდა იყოს ფართო დისკუსიის საგანი და სწორედ ამის შემდეგ უნდა მიიღებოდეს, რაც კომპანიები მოემზადებიან რეგულაციებისთვის.
 
„ჩვენი დამოკიდებულება მკაფიოდ ნეგატიურია ამ გადაწყვეტილების მიმართ და მიგვაჩნია, რომ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება სულ მცირე უნდა შეაჩეროს, მაგრამ ყველაზე სწორი იქნება თუკი გაუქმდება და ერთად ვიფიქრებთ ახალ მოდელებზე. თუკი დღეს მოქმედი მოდელი ვიღაცისთვის პრობლემას წარმოადგენს და გვეუბნებიან, რომ არასამართლიან და არათანაბარ პრინციპს აჩენს ბიზნესსუბიექტებს შორის, კი ბატონო, მაშინ ვნახოთ რამდენი დღეა საუკეთესო პრაქტიკა ევროპულ ქვეყნებში,“-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
 
მისივე თქმით, გათანაბრება იმგვარად უნდა მომხდარიყო, რომ 5 დღე გაზრდილიყო 30-მდე და არა პირიქით. ამასთან, როგორც ბიზნესასოციაციის დირექტორი აცხადებს, ფინანსთა მინისტრთან გამართული შეხვედრით უკმაყოფილოა და მისთვის მინისტრის არგუმენტები მიუღებელია.
 
„არგუმენტი ბევრი მოვისმინეთ, მათ შორის თანასწორობის პრინციპი, თუმცა ეს არ არის მისაღები, იმიტომ, რომ თუ ვინმესთვის 5 დღე იყო და სხვისთვის 30 , ეს 30 დღე კი არ უნდა შემცირებულიყო 5 დღე გაზრდილიყო. ფინანსთა მინისტრთან შეხვედრით პირადად მე არ ვიყავი კმაყოფილი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემთვის არგუმენტები იყო მიუღებელი. ფინანსთა მინისტრი საუბრობდა გარკვეულ დოკუმენტებზე, რომლებიც შესაძლოა, 2-3 წლის წინ სადღაც გამოცემულა და იქ ეწერა, რომ ეს რეგულაცია შემოდის და ბიზნესს ეს უნდა სცოდნოდა.
 
აქ მხოლოდ იმ მილიონობით ლარზე არაა საუბარი, რომლის მობილიზებაც ბიზნესს სხვადასხვა წყაროებიდან მოუწევს ბიუჯეტში გადასახდელად, არამედ იმაზეცაა საუბარი, რომ ბიზნესსა და ხელისუფლებას შორის ნდობა უნდა არსებობდეს. მე თუ დღეს რაღაცას ვსაქმიანობ, უნდა ვიცოდე, რომ ერთ ღამეში მიღებული გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად არ შეიცვლება ჩემი ფინანსური მდგომარეობა“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას.