(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ნიკა ნანუაშვილი: „მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“

„მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონი“ ჩვენთან არ იმუშავებს“, - აცხადებს BAG-ის იურიდიული ანალიტიკოსი ნიკა ნანუაშვილი. 

მისი აზრით, ცვლილებები პროდუქციას გააძვირებს, რადგან საქართველოში ე.წ მეორად ბაზარს დიდი წილი უჭირავს, შესაბამისად, ეკონომიკურ აგენტებს დაბალხარისხიან პროდუქციაზე მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდებათ. 

„როდესაც მაგალითად, ევროკავშირის დირექტივებით და ცალკეული ქვეყნების შიდა კანონმდებლობით მოითხოვება, რომ გარკვეულ პროდუქციაზე იყოს სავალდებულო გარანტია და ეს პროდუქტი ვარგისი უნდა იყოს ორი წლის განმავლობაში ანუ ორწლიანი გარანტიას აწესებს კანონი, ეს ჩვენთან ვერ იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მთელ რიგ ბაზრებზე ჩვენთან იყიდება ე.წ მეორადი პროდუქცია. რა თქმა უნდა, ის ნაკლები ხარისხისაა და იაფიც ღირს ბევრად, ვიდრე ევროკავშირის ქვეყნებში გაყიდული პროდუქცია. ეს უნდა გავითვალისწინოთ. 

თუ ჩვენ დავაწესებთ, რომ ყველაფერზე ორწლიანი გარანტია გავრცელდეს, უბრალოდ მივიღებთ იმას, რომ იაფიანი საქონელი ქვეყანაში აღარ შემოვა. რაც ისევ და ისევ მომხმარებელზე აისახება უარყოფითად და აისახება ეკონომიკურ აგენტზე. 

დაბალფასიან და ნაკლებად ხარისხიან პროდუქციას არ აქვს ვარგისიანობის ამხელა ვადა და ორწლიან გარანტიას ვერცერთი მწარმოებელოი ასეთ პროდუქტზე ვერ მოგცემთ. ჩვენთან მეორადი საქონლის ბაზარი არის საკმაოდ დიდი, მაგალითად, იგივე საავტომობილო სფეროში, 99% არის მეორადი, 1% არის ახალი. მობილური ტელეფონის ბაზარზეც დიდია წილი. 

მხოლოდ იმის გამო, რომ ფორმალურად შესაბამისობაში ვიყოთ ევროკავშრის დირექტივებთან, ამხელა დარტმის მიყენება მომხმარებელზე და მოვაჭრეებზე არამგონია სწორი იყოს“, - აცხადებს ნიკა ნანუაშვილი. 

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა და საქართველოს კონკურენციის სააგენტომ პარლამენტში „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონის პროექტი დაარეგისტრირეს. 

ახალმა კანონმა უნდა დაარეგულიროს მომხმარებელსა და მოვაჭრეს შორის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები. 

ამ მიზნების მისაღწევად, 2020 წელს კონკურენციის სააგენტოში ახალი სტრუქტურული ერთეული უნდა შეიქმნას, რომელიც პასუხისმგებელი იქნება „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ კანონით დაკისრებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე.

ლინკი