(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

რატომ ითხოვს BAG დღგ-ს ყალბი აქტივების სქემის გახსნის ფონზე „ოქროს სიის” შეღავათების აღდგენას?

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გადასახადებისგან თავის არიდების მასშტაბური სქემა გაშიფრა. ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტზე გამოძიება 53 პირის ქმედებების შესახებ მიმდინარეობს, მათგან 38 პირი კი უკვე დაკავებულია.

გამოძიების შედეგად სახელმწიფომ თავიდან აიცილა 100 000 000 ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და შესაბამისი ზიანი სახელმწიფო ბიუჯეტისთვის. 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ამბობენ, რომ „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად ფინანსთა სამინისტრო სწორედ სიის რიგი წევრი კომპანიების მხრიდან დღგ-ს ყალბი აქტივების სქემაში მონაწილეობას ასახელებდა. 

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის განმარტებით, თუ ყველა დამნაშავე პირი სათანადოდ დაისჯება, ეს იქნება პრევენცია, რომ სხვებს აღარ გაუჩნდეს მსგავს სქემებში მონაწილეობის ცდუნება. შესაბამისად ასოციაციას მიაჩნია, რომ მთავრობა მათთან ერთად კვლავ უნდა დაჯდეს მოლაპარაკებების მაგისდასთან და დაიწყოს საუბარი კეთილსინდისიერი გადამხდელებისთვის შეღავათების დაწესებაზე. 

„ჩვენ შეგვიძლია დიდი სიამოვნებით დავბრუნდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან ფინანსთა სამინისტროსთან და დავიწყოთ საუბარი კვლავ ისეთი ტიპის შეღავათებზე, რომელიც კეთილსინდისიერ გადამხდელებს და კეთილსინდისიერ იმპორტიორებს წაახალისებს იმისკენ, რომ მათ მსგავსი ტიპის სქემებში ცდუნება აღარ გაუჩნდეთ. ერთ-ერთი იყო „ოქროს სიასთან“ დაკავშირებული შეღავათები, როცა საბაჟო გადასახადებს ისინი 30 დღის განმავლობაში არ იხდიდნენ. 

ჩვენ ახლაც ვთავაზობთ ფინანსთა სამინისტროს, რომ ვნახოთ ის პრაქტიკა, რომელიც ევროკაშირის ქვეყნებშია. ვიცით, რომ დღგ-ს გადახდასთან დაკავშირებით იმპორტის დროს არ არის ერთიანი მოდელი ევროპაში, თუმცა შეგვიძლია განსხვავებული მოდელები განვიხილოთ. 

მაგალითად 30 დღიანი ვადა არის ბრიტანეთში დამკვიდრებული ანუ ეს არ არის ქართული სიახლე. არის ჰოლანდიურ-ბელგიური მოდელი, რომელიც გულისხმობს გაყიდვის მერე გადახდას და იქ ვადები საერთოდ არ არის მითითებული. არის უფრო მკაცრი მოდელებიც. 

შეგვიძლია დავსხდეთ და საერთო ტიპის მოდელამდე მივიდეთ. მიზანი არის, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელი წავახალისოთ და იყოს განსხვავებულ მდგომარეობაში, ვიდრე ჩვეულებრივად იმპორტიორები იყვნენ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მაინცდამაინც მსხვილ კომპანიებზე იყოს შეღავათი, ჩვენ ვამბობთ მთავარს, რომ კეთილსინდისიერი გადამხდელი უნდა იყოს წახალისებული და მხადაჭერილი სახელმწიფოს მხრიდან“-განმარტავს ლევან ვეფხვაძე. 

მისი თქმით, ასოციაციას იმედი აქვს, რომ ფინანსთა სამინისტრო შეღავათების დაბრუნებაზე სამსჯელოდ მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდება და მათთან ერთად იფიქრებს, როგორ აღადგინოს ის ზიანი, რაც „ოქროს სიის“ შეღავათების გაუქმებით ქვეყნის საინვესტიციო გარემოს მიადგა. 

„იმედი გვაქვს, რომ მას შემდეგ რაც ეს ე.წ დუღილი ჩაივლის და დაღვინდება სიტუაცია და ამას მე სექტემბრის ბოლომდე ველოდები, ფინანსთა სამინისტრო დაუბრუნდება მოლაპარაკებების მაგიდას. თავის დროზე მოხდა გადაწყვეტილების მიღება ისე, რომ წინასწარ ბიზესი არ იყო ინფორმირებული და ეს იყო გარკვეულწილად ბიზიენს გარემოს დაზიანება. აი ახლა დავსხდეთ, აი ამ პროცესების მერე და ვიფიქროთ ერთად როგორ აღვადგინოთ ნდობა, როგორ აღვადგინოთ ის ზიანი, რაც ჩვენს საინვესტიციო გარემოს მიადგა. 

ეს შეიძლება ინვესტიციებთან პირდაპირ კავშირში არ არის, მაგრამ ის, რომ იმპორტიორებს ერთ ღამეში ასე მოექცნენ, ბევრი ინვესტორისთვის ძალიან საყურადღებო და საფრთხილო თემა გახდა. შესაბამისად ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს გარემო აღვადგინოთ, რომ ნდობა ბიზნესსა და კონკრეტულ ინსტიტუციებს შორის გავზარდოთ. ამიტომ მე იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მთავარი ქვაკუთხედი ჩვენი მოლაპარაკების, როგორ გავზარდოთ ნდობა და როგორ გავაუმჯობესოდ ბიზნეს გარემო საქართველოში“-აცხადებს ვეფხვაძე. 

ბიზნეს ასოციაცია არ საუბრობს, რომ „ოქროს სიის“ შეღავათები, მაინცდამაინც იმ ფორმით და იმ სტრუქტურით აღდგეს, როგორც მის გაუქმებამდე იყო.

„ჩვენ ვამბობთ, ვნახოთ ევროკავშირის პრაქტიკა, კიდევ ერთხელ გავიაროთ ის რისკები, რაც შესაძლოა ამ ტიპის შეღავათებმა გააჩინოს. გავაკეთოთ ისე, რომ ერთის მხრივ წახალისებული იქნას კეთილსინდისიერი გადამხდელი და მეორეს მხრივ შეღავათების დაწესებით წარმოქნილი ყველა შესაძლო რისკი მოიხსნას თავიდანვე“-განმარტავს bm.ge-თან ლევან ვეფხვაძე.

ლინკი