(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„ვერბალური ინტერვენცია, შესაძლოა, არანაკლებ ეფექტური იყოს, ვიდრე - სავალუტო ინტერვენცია“

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეხვედრის სურვილი ჯერ კიდევ გასული თვის დასაწყისში ასოციაციის წევრ კომპანიებსა და ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს გამოთქვა. ასოციაციამ სებ-ს მაშინ სავალუტო რეზერვების პოლიტიკა დაუწუნა და ითქვა, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შეკითხვები და გეგმავდნენ ეროვნულ ბანკთან შეხვედრას. 

ეროვნული ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრა ორი კვირის წინ, დახურულ ფორმატში შედგა. როგორც ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე bm.ge-ისთან ამბობს, მათი შეხვედრის დრო დაემთხვა იმ პერიოდს, როცა ეროვნულმა ბანკმა ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო და გასაყიდად $40 მლნ გამოიტანა. 


ინტერვენციისკენ სებ-ს ბიზნესმენები მათ შორის ამ შეხვედრაზეც მოუწოდებდნენ. 

„ჩვენ ვამბობდით მაშინ, რომ ობიექტური მიზეზები იმისა, რაც სავალუტო ბაზარზე ხდება, არ არსებობს და შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა ამ შემთხვევაში უნდა გამოიყენოს ეს მექანიზმი. ჩვენ გვქონდა იმის მონაცემი, რომ ლართან დაკავშირებით ეს მდგომარეობა გამოწვეულია მოლოდინებზე აგებული სპეკულაციური პროცესებით და რომ ყოფილიყო მართლა ობიექტური მაკროეკონომიკაში პრობლემა, მეზობელ ბაზრებზე რაიმე პრობლემა, არცერთი ეს ობიექტური პარამეტრი არ ჩანდა, შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა მოახდინა შესაბამისი ინტერვენცია. 

$40 მლნ გაიტანა, თქვენ ნახეთ, რომ 40 მილიონი ბაზარმა ვერ გაიწოვა და ფიზიკურად არ გაიყიდა. ეს ნიშნავდა, რომ ობიექტური მოთხოვნილება დოლარზე არ იყო იმდენი, რაც მოლოდინი იყო, აქედან გამომდინარე, ცოტა მეტ-ნაკლებად დასტაბილურდა ბაზარი, იმიტომ, რომ ბაზრის ზოგიერთ მოთამაშეს გაუჩნდა განცდა, რომ ეროვნული ბანკი არავითარ შემთხვევაში არ ჩაერეოდა და ლარის კურსი, რაც არ უნდა წასულიყო იქნებოდა უკონტროლო. სწორედაც ამ მოლოდინმა გამოიწვია უკვე გართულება დამატებითი იმ პროცესების, რაც ამ ტიპის შოკებს მოჰყვა ივნის-ივლისში. 

როდესაც დავინახეთ, რომ პრობლემაა და მათ შორის ბიზნესის მოწოდების შემდეგ ეროვნულმა ბანკმაც დაინახა, ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში სწორედაც უნდა ჩაერიოს, ინვესტორების ნაწილი დარწმუნდა, რომ ეროვნული ბანკი ამ მექანიზმს გამოიყენებს, შეადრებით დამშვიდდა სავალუტო ბაზარზე სიტუაცია“, - განმარტავს ვეფხვაძე. 


ბიზნეს ასოციაცია სავალუტო ინტერვენციის პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვნად მიიჩნევს ცენტრალურმა ბანკს აქტიური კომუნიკაცია ჰქონდეს საზოგადოებასთან, რათა ვალუტის გაუფასურების ნეგატიური მოლოდინები არ შეიქმნას. 

„ის, რომ ბაზრებს სჭირდება დამშვიდება ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში და ამ პროცესში მნიშვნელოვანია მეტი კომუნიკაცია და იმაში დარწმუნება, რომ ფუნდამენტური მიზეზები არ აქვს კონკრეტულ კრიზისს. ამას ჰქვია ვერბალური ინტერვენცია, რომელიც შესაძლოა არანაკლებ ეფექტური იყოს, ვიდრე სავალუტო ინტერვენცია, რასაც ეროვნული ბანკი აკეთებს“, - აცხადებს ლევან ვეფხვაძე. 

შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ინტერვენცია 1 აგვისტოს განახორციელა. სებ-მა სავალუტო ბაზარზე $40 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა $32.8 მილიონი დოლარი შეისყიდა, რასაც ლარის მცირედით გამყარება მოჰყვა, მაგრამ მომდევნო დღეებში ისევ გაუფასურების ტენდენცია ჰქონდა.

ლინკი