რა სჭირდება ბიზნესს? – „ბიზნესმა უნდა იცოდეს ხვალ და ზეგ რა გველის“
„ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნა და მისი წარმატება გადაჭარბების გარეშე დაკავშირებულია ბატონ გიორგი გახარიას საქმიანობასთან“, - ეს შეფასება საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძეს ეკუთვნის.
ამ წუთებში სასტუმრო „რუმსში“ მიხეილ დაუშვილი ბიზნეოსმბუდსმენის რანგში საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს ხვდება. შეხვედრას გიორგი გახარიაც ესწრება.
სოსო ფხაკაძის შეფასებით, ბიზნესისთვის მთავარი სტაბილური გარემო და პოლიტიკური განჭვრეტადობაა.
„სიმბოლურია, რომ საქართველოს ბიზნესომბუდსმენი იყო გიორგი გახარია, რომელიც დღეს არის პრემიერი და მასთან იმ პერიოდიდან ძალიან თბილი ურთიერთობა გვაქვს და ამ ინსტიტუტის შექმნა და მისი წარმატება, გადაჭარბების გარეშე, მეტწილად დაკავშირებულია ბატონ გიორგის საქმიანობასთან. მე, ისევე როგორც ბევრისგან გაგვიგია, სხვებს ბიზნესომბუდსმენის აპარატთან ბევრი პრობლემა დაგვიყენებია და მათი ჩართულობის ხარისხი ყოველთვის იყო მაღალი.
ჩვენი მთავარი ამოცანაა, პოლიტიკური განჭვრეტადობა და სტაბილური გარემო, რამეთუ ინვესტიციებს აკეთებენ ადამიანები, რომელსაც სჯერათ მომავლის. ფინანსური და ბიზნესგეგმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ ბიზნესს ფინანსური გეგმები არ აკეთებენ, ბიზნესს სჭირდება ოპტიმიზმი და ოპტიმიზმს სჭირდება სტაბილური გარემო. ბიზნესმა უნდა იცოდეს ხვალ და ზეგ რა გველის და ამის მიხედვით მივიღოთ ის გადაწყვეტილებები, რომელსაც ვიღებთ“, - განაცხადა ფხაკაძემ.