როგორ უნდა გამოვიდეს კრიზისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა - კერძო სექტორის შეთავაზება
ჩემი მოაზრებაა, რომ საყოველთაო დაზღვევა ტექნიკურად ძალიან გამართულად გადავიდეს კერძო სექტორზე, - ამის შესახებ bm.ge-ის საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ნინო კობახიძემ განუცხადა.
„ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, კერძო სადაზღვევო სისტემამ უნდა ჩაანაცვლოს ეს „საყოველთაო“ სადაზღვევო სისტემა. ძალიან საინტერესოა ისრაელის და ევროპის მაგალითები. კერძოდ, ოთხი კომპანია ახორციელებს ისრაელის მოქალაქეების დაზღვევას; მაგალითად, ევროპაში ყველა დასაქმებულს სავალდებულო დაზღვევა აქვს, ისინი თავისუფლები არიან არჩევანში, უნდათ კერძო დაზღვევით სარგებლობენ, უნდათ - არა. ჩვენს შემთხვევაში მინიმუმ ბავშვების, პედაგოგების, ექიმების დაზღვევის ეტაპით უნდა დაიწყოს პროცესი და ასე გაგრძელდეს. მაგალითად მოვიყვან თავდაცვის სამინისტროს - ცხადდება ტენდერი და 60 ათასი ადამიანი დაზღვეულია კერძოდ. საშუალოდ 25-დან 30 ლარამდე ჯდება ძალიან კარგი პაკეტი, რომელშიც შედის ბევრი რამ. ის რისკი, რომ რომელიმე სადაზღვევო კომპანია თავის კლინიკებს შეტენის პაციენტებს, არის მიზერული, რადგან ბაზარზე არის 17 კომპანია და თუ ტენდერებში თავისუფალი არჩევანის უფლება იქნება ჩადებული, ეს რისკი მოიხსნება“, - განაცხადა ნინო კობახიძემ.
მისივე თქმით, მოქალაქეს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ მომსახურეობა მიიღოს იმ კლინიკისგან, რომელიც მას სურს.
ნინა კობახიძე ამბობს, რომ სადაზღვევო პირობები, ლიმიტები, გამონაკლისები და თამაშის წესები სახელმწიფომ წინასწარ უნდა განსაზღვროს. ის ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბიუჯეტი დაცული იქნება მოსალოდნელი ზრდისგან, ხოლო კლინიკების მომსახურეობის ხარისხზე იზრუნებს სადაზღვევო ინდუსტრია.
რაც შეეხება რისკებს, რაც შეიძლება ამ კონცეფციას ახლდეს, ნინო კობახიძე ამბობს, რომ წარსულში არსებული პრაქტიკა მახინჯი იყო, თუმცა სწორედ იმ გამოცდილების გათვალისწინებით, ახლა შეიძლება ძალიან კარგი შედეგები დაიდოს.
„თავიდან, როცა დაიწყო აღნიშნული კონცეფციის განხორციელება, სახელმწიფო არ იყო მზად, არ იცოდა რა მოთხოვნები უნდა დაეყენებინა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის. მომსახურეობის ხარისხის საკითხი უკვე აღარ დგას, იმიტომ რომ, როცა მოქალაქეს თავისუფალ არჩევანს უტოვებ და კლინიკას არჩევს, თუ კლინიკა არ მოემსახურება სათანადოდ, სადაზღვევო კომპანია ჩახსნის მას. დღევანდელ ბიუროკრატიაზე უარესი კი, ვერანაირად ვერ იქნება მომსახურეობა, ვინაიდან კერძო ინდუსტრია ამ ნაწილში იმდენად მოქნილია, რომ სერვისები მაქსიმალურად მოქნილი იქნება. გავიარეთ ძალიან დიდი ეტაპი და კერძო სადაზღვევო კომპანიები მაღალი კონკურენციის პირობებში ცდილობენ მაქსიმალურად მოქნილი სისტემა ჰქონდეთ. მთელმა მსოფლიომ აღიარა, რომ კერძო სადაზღვევო კომპანიები უკეთესი მენეჯერები არიან აღნიშნულ სიტუაციაში და ჩვენც უნდა დავეწიოთ ამ ყველაფერს. ის არგუმენტი, რომ კომპანიები ფლობენ კლინიკებს, იგივე შეიძლება ითქვას ბანკებზეც - მათაც აქვთ. ეს ყველაზე ნაკლები პრობლემაა, ჩემი აზრით“, - განაცხადა კობახიძემ.
სადაზღვევო კომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ის და მისი კოლეგები ცდილობენ ყველა პლატფორმაზე, შეხვედრაზე, თუ კონფერენციაზე მიაწვდინონ ხმა ხელისუფლებას, რომ აღნიშნული კონცეფცია ყველასთვის ოპტიმალური იქნება.
„ყოველდღიურ რეჟიმში 10-15 ბავშვის თხოვნა მოდის, ზოგს ონკოლოგიური დაავადება აქვს, ზოგს - სხვა, მაგრამ ფინანსები არ ყოფნით. 12 ათას ლარიანი ლიმიტი საკმარისი არ არის რთული დაავადებების მკურნალობისთვის. მთავრობას შეუძლია დაიტოვოს ფონდები და თავად დააფინანსოს სურვილის მიხედვით სერვისები. თუ დადგება კითხვა - სჯობს, რომ წავიდეთ კერძო სადაზღვევო პაკეტის მიმართულებით“, - აღნიშნა ნინა კობახიძემ და დასძინა, რომ მთავრობა კონცეფციის წინააღმდეგი არ არის, თუმცა პროცესი სამუშაოა.