(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

„ფინანსთა მინისტრის პოზიცია გასაგებია, მაგრამ მთავრობამ ბიზნესის პრობლემები უნდა გაითვალისწინოს“

„თავის დროზე 200 000-ლარიანი ზღვარის შემოღება იყო კურსის რყევის გამო მოწყვლადი ჯგუფების დაცვა. ზღვარის აწევის შემდეგ იყო რისკი, გაძვირებული ლარის პირობებში ხომ არ დააზიანებდა ეს სამშენებლო სექტორს. თუმცა, ჩვენი ანალიზი აჩვენებს, რომ სამშენებლო სექტორი კარგად ვითარდება, ზრდაც მაღალია. დაკრედიტებაც საკმაოდ დიდი ტემპით მიმდინარეობს. დღევანდელი მონაცემი ამის საჭიროებას არ მოითხოვს“, – ასე უპასუხა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარის გადახედვასთან დაკავშირებით კითხვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.
 
 
BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძისთვის ფინანსთა მინისტრის პოზიცია გასაგებია, თუმცა იმედოვნებს, რომ მთავრობასთან ამ კუთხით მოლაპარაკებები გაგრძელდება და ზოგიერთი ბიზნესისთვის, რომელსაც ყველაზე მეტად შეეხო ეს საკითხი გამონაკლისს დაუშვებენ.
 
„ეს ფინანსთა მინისტრის პირველი განცხადება არ იყო, მან ამ თემაზე ჯერ კიდევ დეკემბერში ისაუბრა, რომ ეს მიდგომა დედოლარიზაციის იმ საერთო პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რომელიც აქამდე იყო. ივანე მაჭავარიანმა მაშინ გამოთქვა შიში, რომ თუ ჩვენ ამ ბარიერს დავწევთ, ადამიანები აქტიურად დაიწყებენ ლარში არსებული სესხების დოლარში რეფინანსირებას. ჩვენთვის ეს პოზიცია გასაგებია, თუმცა მეორეს მხრივ კარგად უნდა დავაკვირდეთ კონკრეტულ ბიზნესებს, მაგალითად სამშენებლო, საავტომობილო და ა.შ. ამ ბიზნესისთვის ასაღები სესხები ძირითადად 100 000-დან 200 000-მდე მერყეობს, რომელსაც მომხმარებელს ლარში ვთავაზობთ და ამით სესხების საპროცენტო განაკვეთებს უსაშველოდ ვუზრდით. სამომხმარებლო სესხები 18-20%-მდე, ხოლო იპოთეკები 13-14%-მდეა გაზრდილი, შესაბამისად ეს ამ ბიზნესებს აზარალებს. ერთის მხრივ ჩვენ მოქალაქეებს არ აქვთ წვდომა ამ კონკრეტულ პროდუქტებზე და მეორეს მხრივ ბიზნესი მძიმე მდგომარეობაშია. კონკრეტული ბიზნესები, მაგალითად ავტომობილების შემთხვევაში, საცალო გაყიდვები მნიშვნელოვნად 30-40%-მდე შეუმცირდათ. შესაბამისად ჩვენ არჩევანი გვაქვს გასაკეთებელი, რაღაც ფორმით ისეთი სქემები უნდა მოვიფიქროთ, რომ შეიძლება 200 000-დან 100 000 ლარამდე საყოველთაო დაწევა არ მოხდეს, მაგრამ შეღავათები გავაკეთოთ, მაგალითად იმათთვის ვისაც შემოსავალი დოლარში უფიქსირდება და არ არიან სავალუტო რისკებზე მიბმულები, გამონაკლისი დავუშვათ“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
 
მისივე თქმით, თუ ადამიანს დოლარში უფიქსირდება შემოსავალი ან გადმორიცხვებს უცხოეთიდან იღებს, ბუნებრივია მას ლარში სესხის აღებას ვერ მოვთხოვთ, რადგან ეს არასწორია. აქედან გამომდინარე, ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ აუცილებელია მთავრობასთან დიალოგის გაგრძელება და შუალედურ ვარიანტზე შეჯერება.
 
„ვფიქრობ, რომ მინისტრის პოზიცია გასაგებია და ეს საერთო პოლიტიკის ნაწილია, მაგრამ მეორეს მხრივ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ბიზნესის პრობლემები და ჩვენი მოქალაქეების კონკრეტული საქონლის შეძენის სურვილი. აქედან გამომდინარე, მზად ვართ განვაგრძოთ მოლაპარაკებები ამ კუთხით და მივაღწიოთ კომპრომისს, რომელიც ერთის მხრივ იმ საერთო ტენდენციიდან არ ამოგვაგდებს, რასაც დედოლარიზაცია ჰქვია და მეორეს მხრივ ბიზნესი და ჩვენი მომხმარებლები მძიმე დღეში არ იქნებიან. ახლა ფაქტიურად  ჩვენს მოქალაქეებს ვეუბნებით, რომ 200 000 ლარამდე გაქვთ რისკი იმისა, რომ დოლარში თუ გადაერთვებით და 5%-იან სესხს აიღებთ, თქვენ შედიხართ გრძელვადიან რისკში, რადგან არ ვიცით ხვალ და ზეგ კურსი როგორი იქნება, თუმცა მიუხედავად ამისა რეალურად დღეს 15%-იანი სესხი ლარში და 5%-იანი დოლარში 10 წლიანი პერსპექტივით დიდ სხვაობას იძლევა. თუ ადამიანს დოლარში უფიქსირდება შემოსავალი ან თუკი იღებს გადმორიცხვებს უცხოეთიდან, ბუნებრივია ამ ადამიანს, რომ  სესხი ლარში მოვთხოვოთ არ იქნება სწორი, რადგან ის დაცულია ამ რისკებისგან და მას შეუძლია დოლარში სესხი მარტივად დაფაროს. ვფიქრობთ, ისეთ მექანიზმზე გადასვლას, რომელიც შეიძლება ყველას არ შეეხოს, მაგრამ ბიზნესის გაყიდვების ვარდნა შეამციროს.
 
ჩვენი მიზანია, რომ საბოლოო მოხმარება, რომელიც ლარზე ხელმისაწვდომობის გართულებამ შეამცირა, რაღაცა სხვა ფორმით დავაბალანსოთ და დოლარზე თუ ევროზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. თვითმიზანი მარტივია - ბიზნესი და კონკრეტული ინდუსტრიები არ მოკვდეს, ამიტომ ჩვენ თუ კარგად დავინახავთ ამ საფრთხეებს და მთავრობასთან განვიხილავთ, შეიძლება რაღაც შუალედურ ვარიანტზე შევჯერდეთ და კომპანიების ზიანის კომპენსირება მოვახდინოთ,“ - განმარტავს ლევან ვეფხვაძე.
 
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 23 იანვრიდან ბანკებს 200 ათას ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში გაცემა მხოლოდ უცხოელებზე შეუძლიათ. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეები და საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირები 200 ათას ლარამდე სესხის აღებას მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში ახერხებენ.