(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ლევან ვეფხვაძე: კარანტინის საჭიროება თუ ისევ დადგა, შესაძლოა, ეს მძიმე შედეგით დასრულდეს

“კარანტინის საჭიროება კიდევ ერთხელ თუ დადგა, შესაძლოა ეს ძალიან ბევრი ბიზნეს ოპერატორისთვის მძიმე შედეგით დასრულდეს", - ამის შესახებ “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” (BAG) აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ “საქმიან დილაში” საუბრისას განაცხადა.
 
როგორც ვეფხვაძე აღნიშნავს, დღეს ბიზნესი ბევრი პრობლემის წინაშე დგას და პანდემიის ნეგატიური გავლენა მათზე დროთა განმავლობაში უფრო მეტად აისახება.
 
“მაგალითისთვის, დღეს ადამიანებისთვის ერთ სივრცეში ყოფნა ბიზნესისთვის გამოწვევაა.
 
არსებულ ვითარებაში, თუ ბიზნესებმა სამუშაო ადგილები არ შეინარჩუნეს, კომპანიებიდან გაშვებული ადამიანები ისევ სახელმწიფოს საზრუნავი იქნება. მთავრობასთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ამ ადამიანებს ხელფასების გარკვეული რაოდენობა შევუნარჩუნოთ.
 
პანდემიის ნეგატიური გავლენა ბიზნესზე ერთ-ორ დღიანი არ არის და მისი გარკვეული გამოძახილი წინ გველის. როდესაც ვამბობთ, რომ რაღაც გავიარეთ, არ ნიშნავს რომ დამთავრდა. კი არ გავიარეთ, არამედ ამ პროცესს გავდივართ და სრული ეფექტის დანახვას ხანდახან თვეები და წლები სჭირდება", - განმარტა ვეფხვაძემ.
 
ლევან ვეფხვაძემ კომენტარი მთავრობის მიერ ყველა დამსაქმებლისთვის გასათვალისწინებლად სავალდებულო წესებზეც გააკეთა, რომელიც ინფიცირებული ადამიანის კონტაქტის თვითიზოლაციაში გადასვლას და სიმპტომების გამოვლენამდე ოჯახის ექიმის მართვაზე ყოფნას გულისხმობს.
 
BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ თუ მოქალაქეები და ბიზნესები წესებს არ დაიცავენ, ამით ხელახალი კარანტინის რისკი გაიზრდება.
 
“რამდენიმე თვის წინ პანდემიის მიმართ შიში მეტად არსებობდა და შესაბამისად, ადამიანები, ასევე კომპანიები უფრო მობილიზებულები იყვნენ. სწორედ ამ მობილიზებამ და კომპანიების მხრიდან პასუხისმგებლიანმა მიდგომამ, შესაბამისი სტატისტიკაც მოგვცა.
 
დღეს სამწუხაროდ ის სიტუაცია გვაქვს, როდესაც ტალღა ახალი სიმძლავრით წამოვიდა, მაგრამ ადამიანები მეტად მოშვებულები არიან. ჩვენ ამ ვირუსს ფსიქოლოგიურად შევეგუეთ.
 
თუ ამ ვირუსმა ის მასშტაბები მიიღო, რაც სიკვდილიანობის ზრდას გამოიწვევს, შესაძლოა ისევ კარანტინში აღმოვჩნდეთ, ხოლო ეს ბიზნესზე როგორ აისახა ყველას კარგად ახსოვს.
 
ამისთვის აუცილებელია, რომ მობილიზებულები ვიყოთ და ჩვენ სამუშაო ადგილებზე ყველა სანიტარული ნორმა დავიცვათ.” - განაცხადა ვეფხვაძემ.