საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფის საჭიროებას ვერ ხედავს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის ამოქმედების საჭიროებას ვერ ხედავს. ამის შესახებ ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჭირაქაძემ ბიზნესომბუდსმენთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა განცხადება.
„მთავარი რაზეც შევჯერდით, არის მხარდაჭერა იმისა, რომ ბიზნესმენებს მიეცეთ შესაძლებლობა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და აუხსნან პარლამენტის წარმომადგენლებს, თუ რატომ მიგვაჩნია, რომ ცვლილებები, რასაც ისინი გეგმავენ არის პრობლემატური. მივიღეთ მხარდაჭერა იმისა, რომ ეს კომუნიკაცია შედგება. ამ ეტაპზე, ჩვენთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ პროცესი სწორედ წარიმართა და გადაწყვეტილებები ნაჩქარევად არ იქნა მიღებული, ჩვენ გვაქვს საკმაოდ ძლიერი არგუმენტაცია, რათა, დავანახოთ, რომ უმჯობესია, ყველანი დაკონცენტრირდნენ იმ მიმართულებით, რომელიც რეალურად ეფექტს მოიტანს ქვეყნისთვის“, - განაცხადა ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, ბიზნესომბუდსმენთან საკუთარი პოზიცია დაფიქსირდა მოგების გადასახადთან, საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით, საფონდო ბირჟის განვითარებასთან დაკავშირებით და მიაჩნიათ, რომ ამ პროცესების დაჩქარება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანაში არის ეკონომიკური პრობლემები. ამ პრობლემების გადაწყვეტას სჭირდება სწრაფი რეაგირება, როგორც ხელისუფლების მხრიდან, ასევე ბიზნესის ჩართულობა. შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ, რომ არსებობს სხვადასხვა დარგებში სხვადასხვა ტიპის პრობლემები არსებობს, რაზეც ხელისუფლების მხრიდან ასევე უნდა გამახვილდეს ყურადღება. მიმაჩნია, რომ წარმატებული შეხვედრა იყო. ჩვენ მაქსიმალურად ვართ მზად, რომ რეაგირება მოვახდინოთ და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებისგანაც ადეკვატურ ნაბიჯებს დავინახავთ“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
მისივე თქმით, ბიზნეს ასოციაციის წინადადება დაფიქსირებულია. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფასთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტის ამოქმედება საჭირო არ არის და მათ ამ საკითხზე პარლამენტის და ხელისუფლების მხრიდან არგუმენტების მოსმენა სურთ.
„ჩვენ, ჯერჯერობით, ვერ მოვისმინეთ არგუმენტები, გარდა პოლიტიკური მოსაზრებებისა, რომლებიც სცილდება ჩვენს ამოცანას. ჩვენ პოლიტიკური ორგანიზაცია არ ვართ და პოლიტიკური პოზიციები ჩვენი თემა არ არის. რაც შეეხება ეკონომიკურ დასაბუთებას, თუ ასეთი დასაბუთება არსებობს, ჩვენ მზად ვართ, რომ ჩავერთოთ პროცესში და გავიგოთ რას შეცვლის, რითი გაუმჯობესდება ეროვნული ბანკის ან კომერციული ბანკების მუშაობა. ჩვენ დღეს ეს არ ვიცით, ამიტომაც ჩვენი დღევანდელი პოზიცია არის ის, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობის ცვლილება საჭირო არ არის“, - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.
ლინკი