(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

520-ე დადგენილებაზე მუშაობას BAG იწყებს - როგორია მარიანა მორგოშიას გეგმები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს უკვე ერთი თვეა რაც ახალი მოადგილე მარიანა მორგოშია ჰყავს.  გააძლიერებს თუ არა საჯარო და კერძო სექტორებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე მენეჯერი ქვეყნის ყველაზე მსხვილ ბიზნეს ასოციაციას და რა მიმართულებით იმუშავებს ის. ამბობს, რომ მისი საქმიანობა, გამოცდილებიდან გამომდინარე, პირდაპირ იქნება დაკავშირებული სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებთან.

სწორედ ჯანდაცვის სექტორი იქნება ერთ-ერთი ის პირველი თემა, რომელზეც „კომერსანტი“ მარიანა მორგოშიასთან ისაუბრებს. აღსანიშნავია, რომ ჰოსპიტალური სექტორი აქტიურად საუბრობს 520-ე დადგენილების ნეგატიურ შედეგებზე. მედიაჰოლდინგი დაინტერესდა, როგორია მისი აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით და იქნება თუ არა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ეს ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც აღმასრულებელი დირექტორის ახალი მოადგილე იმუშავებს.

ბიზნეს ასოციაცია იცავს წევრი კომპანიების ინტერესებს და შესაბამისად მუშაობს ყველა იმ ლეგიტიმურ და საერთო საკითხებზე, რაც ბიზნესის მხრიდან არის დაყენებული, მათ შორის ჯანდაცვის კუთხით.

ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან და სამედიცინო მომსახურების სატარიფო პოლიტიკა არის მათთვის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი. სამედიცინო მომსახურების ტარიფები დადგენილია წლების წინ, თუმცა მიუხედავად კოვიდ პანდემიით გამოწვეული დატვირთულობის გაზრდის, ელექტროენერგიის გაზრდილი ტარიფის, ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობის და გაძვირებული სახარჯი მასალებისა, ტარიფების გადახედვა არ მომხდარა  და ეს საკითხი ახლა კიდევ უფრო მწვავედ დადგა ჰოსპიტალური სექტორის წინაშე. საჭიროა წარმოდგენილი ტარიფების ინდექსაციის ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ჰოსპიტალური სექტორის საქმიანობის შეუფერხებლად გაგრძელებას და მიმართული იქნება სამედიცინო სერვისების ხარისხის გაუმჯობესებაზე.

ბიზნეს ასოციაცია, დაინტერესებული ძირითადი მხარეების ჩართულობით, მოამზადებს ჩარჩო დოკუმენტს, სადაც პრობლემატიკა და გადაჭრის გზები იქნება წარმოდგენილი. 520- დადგენილება, მათთვის აქტუალურ სხვა საკითხებთან ერთად, არის იმ საკითხთა ჩამონათვალში, რაზეც ასოციაცია იმუშავებს, როგორც ბიზნესთან, ასევე აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, - განაცხადა მარიანა მორგოშიამ.

მისივე თქმით, საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში, კოვიდ პანდემიის პირობებში, რეგულაციების გათვალისწინებით, ბიზნესი რთული გამოწვევების წინაშე დადგა, კომპანიებს დიდი ფინანსური ზარალი მიადგათ და კონკრეტულ ბიზნეს ოპერატორებს, განსაკუთრებით ტურისტულ სექტორში, საქმიანობის შეფერხება/შეჩერება მოუწიათ. მარიანა მორგოშია ამბობს იმასაც, რომ შეზღუდვების შემსუბუქება და ტურისტული ნაკადის ზრდა ეკონომიკურ ზრდაშიც აისახა. იგი მიიჩნევს, რომ ბიზნესს ოპტიმისტური მოლოდინი აქვს, რომ აღდგენის პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამავდროულად რეგულაციების ხელახალი დაწესების რისკებს აცნობიერებს. „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილის განცხადებით, კოვიდ პანდემიის შედეგად, მდგომარეობა მსოფლიო ბაზარზეც არასტაბილურია, რაც ვალუტის კურსზე, საქონლის ფასებზე და სავაჭრო პროცესებზე აისახება. ეს ფაქტორები კი მისი განმარტებით პროგნოზირების და დაგეგმვის პროცესს ართულებს. მარიანა მორგოშია იმ მთავარ გამოწვევებზე საუბრობს რომელიც დღეს კერძო სექტორს აქვს

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია PMC კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით, ყოველკვარტალურად აქვეყნებს BAG ინდექსის კვლევის შედეგებს, სადაც ხდება  ასოციაციის წევრი და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების გამოკითხვა. 2021 წლის II კვარტლის მონაცემებში, გამოკითხვის შედეგად, ბიზნესი 4 ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორს ასახელებს:

სამართლებრივი და ადმინისტრაციული ბარიერები  (რის ფარგლებშიც ყველაზე მწვავე ფაქტორად სახელდება კოვიდ 19-ით გამოწვეული შეზღუდვების შედეგები, რასაც მოჰყვება მარეგულირებელი გარემო, სასამართლო სისტემა და ადმინისტრაციული საკითხები)

- მოთხოვნის სიმცირე

- სპეციალისტების ნაკლებობა

- შეზღუდული ფინანსური რესურსები

მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ბოლო კვლევაში, ახალი პუნქტის დამატება მოხდა  - ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის არასტაბილურობა, რაც დასახელებულ 4 ფაქტორთან შედარებით, კიდევ უფრო მწვავე აღმოჩნდა, - აცხადებს მარიანა მორგოშია.

მარიანა მორგოშია გვიყვება, რომ დღეს ბიზნესს ბიუროკრატიული აპარატი მნიშვნელოვნად აფერხებს. ამ კუთხით, მისი თქმით, ასოციაცია აქტიურად არის ჩართული და მაქსიმალურად ცდილობს  წევრი კომპანიების კონკრეტული საკითხების სწორ ადრესატამდე ოპერატიულად მიტანას და პროცესების ფასილიტაციას. როგორც „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“, აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე აცხადებს, აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან არის მზაობა და ღიაობა კომუნიკაციაში, თუმცა საკითხების გადაწყვეტა გვიანდება, რაც ბიზნეს პროცესებს აფერხებს და შესაბამისად მნიშვნელოვნად აზარალებს კომპანიებს. მორგოშიას აზრით, ბიუროკრატიული პროცედურების გამარტივება ხელს შეუწყობს გადაწყვეტილებების დროულად მიღებას და შესაბამისად ეფექტიანობას.

მარიანა მორგოშიას თქმით, ხელისშემშლელ ფაქტორად ბიზნესის მხრიდან ასევე მარეგულირებელი გარემო  სახელდება. ამბობს, რომ საკანონმდებლო ჩარჩო მუდმივად იხვეწება, ახლდება, თუმცა საჭიროა ბიზნესთან მეტად აქტიური კომუნიკაცია, ბიზნესის მხრიდან წამოსული უკუკავშირის გაანალიზება და გათვალისწინება. „კომერსანტთან“ საუბარში მორგოშია აცხადებს, რომ აქტიურად ჩაერთვება იმ ნებისმიერი რეგულაციის დამუშავება/განხილვის პროცესში, რომელმაც პოტენციურად შესაძლოა გავლენა იქონიოს ასოციაციის წევრი კომპანიების საქმიანობაზე.

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია საკანონმდებლო ცვლილებების პროცესში აქტიურად არის ჩართული, მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ჩვენს წევრებს, ვახდენთ ბიზნესის მოსაზრებების კონსოლიდაციას და ხელისუფლებასთან კომუნიკაციას. ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და შესაბამისი რეგულაციები ერთის მხრივ პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს გარემოზე, მეორეს მხრივ კი დამატებითი წნეხია ბიზნესზე. გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებები დროში არის გაწერილი და ხშირად ნაჩქარევად ხდება რეგულაციების დანერგვა, ზოგ შემთხვევაში შესაძლოა არ დადგეს სასურველი შედეგი ან რეგულაციის დაწესებამ ნეგატიური ეფექტიც იქონიოს. ამიტომ, ნებისმიერი რეგულაცია სიღრმისეულად უნდა გაანალიზდეს და შესაძლო შედეგები შეფასდეს მის დანერგვამდე. RIA არის სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც გვეხმარება აღნიშნული ეფექტების შეფასებაში და სასურველია მასშტაბური ეფექტის მქონე რეგულაციები აღნიშნული მეთოდოლოგიის გამოყენებით შეფასდეს“, - განაცხადა „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ.

საქართველოში ყველა თანხმდება იმაზე, რომ ქვეყნაში ახალი საწარმოების შექმნისთვის კარგი პირობებია. თუმცა „კომერსანტი“ დაინტერსდა მარიანა მორგოშიას აზრით, თუ რამდენად კარგი პირობებია მათი წარმატებული საქმიანობისთვის?

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ წარადგინა 10 წლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც გაცხადებულია ეკონომიკური განვითარების და ბიზნესის მხარდაჭერის პოლიტიკა.

გეგმის მიხედვით, იმპორტ ჩანაცვლება და ექსპორტის ზრდა არის საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი. ამ მიმართულებით, 50-მდე საქმიანობის კოდი დაემატა მიზნობრივ პროგრამებს, რომელიც, თავის მხრივ, სამი მექანიზმისგან შედგება:

- სესხის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდირება;

- სესხების თანა-უზრუნველყოფა (საკრედიტო-საგარანტიო სქემა);

- საგრანტო კომპონენტი

ჯამურად, აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, იგეგმება 1350-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა.

სახელმწიფო პოლიტიკა, ახალი საწარმოების გახსნის კუთხით, არის ხელშემწყობი და წამახალისებელი. თუმცა ახალგახსნილ საწარმოებს აქვთ მნიშვნელოვანი გამოწვევები და საჭიროებენ მხარდაჭერას სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა ბაზარზე პოზიციონირება, მარკეტინგი, სტანდარტების დანერგვა, ტექნიკური მხარდაჭერა, პროდუქციის ექსპორტი, ბაზრების დივერსიფიცირება და სხვა“, - განმარტავს მარიანა მორგოშია.

ბმული