ლაშა პაპაშვილი თემურ მაისურაძეს - ასეთ რაღაცებს სამოქალაქო ომის დროსაც არ ამბობდა მმართველი ხელისუფლება
ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თემურ მაისურაძის განცხადებას არასწორს უწოდებს და აცხადებს, რომ თუ დეპუტატი მართლაც ფიქრობს, რომ პარლამენტმა საბანკო ზედამხედველობის შესახებ კანონში მოსალოდნელ ცვლილებებთან დაკავშირებთ ბიზნესის ჩართულობის საჭიროება ვერ დაინახა, იგი ცდება.
მაისურაძემ განაცხადა, რომ ბიზნესი უნდა მოერგოს იმ ჩარჩოს, რომელსაც სისტემა ქმნის, რადგან ხშირად ბიზნესის და სახელმწიფოს ინტერესები თანხვედრაში არ მოდის.
„ასეთ რაღაცებს სამოქალაქო ომის დროსაც არ ამბობდა მმართველი ხელისუფლება. მე არ მომისმენია ეს განცხადება, თუმცა თუკი ასეთი რამ მართლა თქვა, ეს ძალიან დიდი შეცდომაა", - განაცხადა პაპაშვილმა.
მისივე თქმით, საბანკო ზედამხედველობის სამსახურის ეროვნული ბანკისგან გამოყოფის საკითხი დღის წესრიგში ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო დადგა.
„მე შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ პოლიტიკური ბატალიების გამო, ჩვენი ძნელად ჩამოყალიბებული ინსტიტუტები არ უნდა დავანგრიოთ. ჩვენთვის სულ ერთია ხელისუფლების რომელი შტო მართავს ამას. მნიშვნელოვანია არ დაფრთხნენ ჩვენი პოტენციური ინვესტორები და ისინი გრძელვადიან სიმყარეს გრძნობდნენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებში", - აცხადებს პაპაშვილი.
მისივე თქმით, მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც კი ასეთი მიდგომა პრობლემებს შექმნის და აუცილებლად დააზარალებს უმსხვილესი ეკონომიკის ქვეყნებსაც კი.
„მე როგორც ვიცი, ამერიკაში რესპუბლიკელებსა და კონსერვატიულ პარტიებს შორის შეთანხმებაც კი არსებობს რომ ბიზნესს არ უნდა შეეხოს გადაწყვეტილებები და ბიზნესს ყველა უფრთხილდება" - აცხადებს პაპაშვილი.
ლინკი