მოგების გადასახადის შესაძლო გაუქმებას ბიზნესმენები აფასებენ
ფინანსთა სამინისტრო ახალ ინიციატივას ამუშავებს, რომლის მიხედვითაც ბიზნესი მოგების გადასახადისგან გათავისუფლდება, დაბეგვრას კი მხოლოდ დივიდენდი დაექვემდებარება.
როგორ აფასებენ დაგეგმილ ცვლილებას ბიზნესმენები და რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მოგების გადასახადის გაუქმებას ეკონომიკაზე?
კომპანია „თბილღვინოს“ დირექტორი გიორგი მარგველაშვილი დაგეგმილ ცვლილებას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ თუ ეს ინიციატივა ძალაში ნამდვილად შევა, ეკონომიკისთვის, შესძლოა, რევოლუციურიც აღმოჩნდეს.
მარგველაშვილი ამბობს, რომ ეს ქვეყანაში რეინვესტირების სტიმულაციას ქმნის, რაც ცალსახად პოზიტიურია.
რაც შეეხება კითხვას, იქნება თუ არა ისეთივე მომგებიანი ცვლილება დივიდენდის გადასახადის გაზრდის შემთხვევაში, მარგველაშვილი პასუხობს, რომ ეკონომიკური და ბიზნესის განვითარებისთვის მოგების გადასახადის შმეცირება ბევრად უფრო მნიშვნელოვანია.
„დივიდენდი რა თქმა უნდა, მნიშნელოვანია დამფუძნებლებისთვის, მაგრამ ეკონომიკური წინსვლისთვის მოგების გადასახადის შემცირება მნიშვნელოვან ეფექტს იქონიებს“,- აცხადებს მარგველაშვილი.
მისივე თქმით, ინიციატივის შემუშავებაში პირდაპირ ჩართული არ არის, თუმცა, ამ საკითხებზე კონსულტაციები ბიზნესის სხვადსახვა სფეროს წარმომადგენლებს "საქართველოს ბიზნეს ასოციაციის" ფარგლებში აქვთ. ბიზნესმენთა ასოციაციას კი თავის მხრივ, შესაბამისი კომიტეტის მეშვეობით აქვს აქტიური კონსულტაციები მთავრობასთან და საპარლამენტო კომიტეტებთან.
დაგეგმილ ცვლილებას დადებითად აფასებს ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც. მისი აზრით, ეს ბიზნესისთვის ცალსახად მომგებიანი იქნება.
რაც შეეხება ეკონომიკას, ჩოჩელის განცხადებით, თუ ეს მიმართული იქნება რეინვესტირებისთვის, ამას კიდევ უფრო კარგი შედეგი ექნება.
„პოზიტიური იქნება, რადგან დღეს მოგების გადასახადი არის 20%, რომელიც ფაქტობრივად ბიზნესიდან ამოდის და მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ძირითადი ნაწილი გამოთავისუფლებული თანხიდან, ჩემი აზრით, სწორედ ბიზნესის განვითარებას მოხმარდება“,- აცხადებს ჩოჩელი.
ლინკი