საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ ინიციატივას დადებითად აფასებს
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მოგების გადასახადის გაუქმების შესახებ ინიციატივას დადებითად აფასებს. როგორც ორგანიზაციაში ეკონომიკის მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერ გუშინ პარლამენტში გაკეთებულ განცხადებაზე კომენტირებისას აღნიშნავენ, ასოციაცია ჯერ კიდევ გასული წლის დასაწყისიდან აქტიურად უჭერდა მხარს მოგების გადასახადის გაუქმებას დივიდენდზე გადასახადის განაკვეთის ზრდის ხარჯზე.
"ინიციატივა მნიშვნელოვანია არაერთი მიმართულებით, საიდანაც შეიძლება გამოვყოთ საგადასახადო ადმინისტრირების ხარჯების შემცირება როგორც ბიზნესის, ასევე სახელმწიფოსათვის, საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და რაც ყველაზე მთავარია ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და პოზიტიური გზავნილი პირდაპირი უცხოური და შიდა ინვესტიციების წახალისებისათვის.
რეფორმის განხორციელება ქვეყნის ეკონომიკას და ბიუჯეტს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანი ზრდის წინაპირობას შეუქმნის და სხვა ფაქტორებთან ერთობლიობაში ბიზნესგარემოს და საინვესტიციო კლიმატს საგრძნობლად გააუმჯობესებს.
ბუნებრივია, რომ რეფორმის განხორციელება დამოკიდებულია მისი თანმხლები რისკების დაზღვევაზე და პრევენციაზე, თუმცა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში იმედი აქვთ, რომ საქართველო გაიზიარებს ამ საკითხში უკვე წარმატებული ქვეყნების გამოცდილებას (მაგალითად ესტონეთი). საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში გამოთქვამენ მზადყოფნას რეფორმის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად ჩაერთონ შესაბამის სამუშაო პროცესში", - აცხადებენ ბიზნეს ასოციაციაში.
ლინკი