(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

"ბიზნესი მიდის იქ, სადაც სტაბილური გარემო და მეტი შემოსავლის მიღების საშუალებაა - ეს ევროკავშირია"

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის სოსო ფხაკაძის შეფასებით, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება ევროპის ქვეყნებთან ეკონომიკურ და სავაჭრო ინტეგრაციას მნიშვნელოვნად გაზრდის.
 
 „უნდა ველოდოთ, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მნიშვნელოვან ზრდას - დღეიდან, ბევრად უფრო კარგი და ძლიერი წვდომა გვაქვს ევროკავშირის დიდ ბაზართან, ვიდრე გუშინ გვქონდა ანუ სტატუსის მინიჭებამდე.
 
მაგალითად, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის არსებობის პერიოდში ბულგარეთის ექსპორტი ევროკავშირში, ყოველწლიურად 23%-ით იზრდებოდა“, - ამბობს სოსო ფხაკაძე.
 
 „კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ბევრად უფრო მარტივი იქნება ევროპის ბაზარზე გასვლა და ბიზნესიც იქითკენ წავა, სადაც ბიზნესის წარმართვისთვის უფრო კარგი, სტაბილური და პროგნოზირებადი პირობებია და ასეთი პირობები ევროკავშირშია. ბიზნესმენებს გააჩნიათ ინსტინქტები; ისინი ყოველთვის ეძებენ სწორ ადგილს და სწორ დროს. ახალი ფანჯარა გაიღო ევროკავშირში საქართველოსთვის და გულახდილად ვიტყვი, ბიზნესი უნდა იყოს კიდევ უფრო აქტიური - ვინც იაქტიურებს და ევროკავშირისკენ იმოძრავებს, ის ძალიან ბევრი სიკეთეს მოუტანს საკუთარ თავს, კომპანიას, დამფუძნებლებს და ქვეყნის ეკონომიკას“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.