(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

ეკონომიკის რენესანსი, ბიზნესის წნეხი და რჩევა მთავრობას - ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან

ბიზნესის რენესანსი, წნეხი და ეკონომიკის ზრდის პროგნოზები, ლარის კურსის დევალვაციის გავლენა ინვესტიციების შემოდინებაზე და ბიზნესმენების საჩივარი საკონსტიტუციო სასამართლოში - საინვესტიციო და უძრავი ქონების კომპანია "რედიქსის" დირექტორი ლაშა პაპაშვილი რადიო „კომერსანტის" ეთერში, გადაცემა „პოლიტკომერსანტში" ნინო ჟიჟილაშვილის კითხვებს პასუხობდა. „პოლიტკომერსანტი" ამ საუბრის სრულ ბეჭდურ ვერსიას გთავაზობთ.

- ის რაც დაემართა ლარს, ფიქრობთ რომ ძირითადი მიზეზი გარე ფაქტორები იყო? შეეძლო აღმასრულებელ გუნდს რაღაც ნაბიჯები გადაედგა, რაც მოკლე ან გრძელ ვადაში ლარის სტაბილურობას განსაზღვრავდა?

- ძირითადი მიზეზი, შეიძლება ითქვას, გარე ფაქტორები იყო, მაგრამ ვიტყოდი 60/40-ზე. შეიძლებოდა კურსის შენარჩუნება უკეთეს ნიშნულზე. ლარის დევალვაცია დაახლოებით 40 პროცენტია, შეიძლებოდა მას უფრო მყარი პოზიციები შეენარჩუნებინა. ძირითადად ამას, სხვადასხვა სახელისუფლებო ფენების შეუთანხებელ მუშაობას დავაბრალებდი. აზრთა სხვადასხვაობაა ეროვნული ბანკის პოლიტიკის მიმართ, კამათობენ უნდა გამოეყენებინა თუ არა რეზერვები და ა.შ. ზოგადად ეკონომიკური გუნდისგან შექმნილი გარემო, ცოტა მყიფე იყო ბიზნესისთვის. არათანმიმდევრული პოლიტიკა ყოველთვის აშინებს ბიზნესს. სწორედ ამ სიტუაციის გამო, მართალია მიმდინარე პროექტები არ გაგვიჩერებია, მაგრამ ახლებიც აღარ დავიწყეთ.

- ამ პროცესში ინვესტიციების შემოდინება და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა შეფერხდა?

- რა თქმა უნდა, მთელ მსოფლიოში აპრობირებული თემაა - როდესაც ბაზარზე ასეთი რყევებია, კაპიტალი თავს იკავებს მასში მონაწილოებისგან. კურსის რყევა უნდა ყოფილიყო ნაკლები ზეგავლენის მქონე ეკონომიკაზე, თუმცა იმდენად შესამჩნევი იყო, რომ ბიზნესი დააფრთხო, აღარაფერს ვამბობ მოსახლეობაზე.


- ხელისუფლების სხვადსხვა შტოებში შეუთანხმებელობა ხშირად არის განსჯის საგანი, ხედავთ თუ არა კომპეტენციის პრობლემას აღმასრულებელ გუნდში, მათ შორის ვისაც ფინანსები და ეკონომიკის განვითარება აბარია?

- კომპეტენციის ნაკლებობა არ არის, გამოცდილების - კი. შეიძლება ძალიან კომპეტენტური, განათლებული და კარგი ახალგაზრდა მოვიდეს, მაგრამ გამოუცდელობის გამო შეცდომები დაუშვას. თუმცა, ვატყობ რომ ხელისუფლების ესა თუ ის ფრთა იზრდება, გადაწყვეტილებები უფრო რაციონალური და მიზანმიმართულია. ხშირად არის ისეთი საკანონმდებლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ბაზარზე დიდ რყევებს იწვევს, მაგრამ ეს უკვე ეკონომიკის თემა არა არის.

- მაგალითად რა ტიპის ცვლილებები აფერხებს თქვენი ბიზნესის განვითარებას?

- ახლა მიიღეს დაუფიქრებელი და ნაჩქარევი გადაწყვეტილება, გამოსახლებებთან დაკავშირებით. პრაქტიკულად კანონიერ მესაკუთრეს გაურთულდა მდგომარეობა, რომ საკუთრებას შეუფერხებლად ფლობდეს. ეს გადაწყვეტილება არამარტო ბანკებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს გაურთულებს საკუთრების ფლობის უფლების განხორციელებას. და ეს ისევ საზოგადოების სხვადასხვა ნაწილების შეჯახებას გამოიწვევს, მფლობელების, მსხესხებლების და ა.შ.

- ხომ არ გავს ეს წინასაარჩევნო გადაწყვეტილებას, რომ რაღაც კატეგორიის ადამიანები მიიმხრონ, ვისაც ეს პრობლემა აქვს?

- ეს გადაწყვეტილება დასავლურ პრინციპებთან ახლოს არის, მაგრამ იქ ამისათვის უკვე ჩამოყალიბებული ბაზარია. ამ სისტემისკენ ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები მიდოდნენ ათეულობით წელი და ასეთი კანონი მერე მიიღეს. ჩვენთან დაახლოებით წელიწადნახევარი მიმდინარეობდა საუბარი. თითქოსდა ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა ბიზნესს, მაგრამ მაინც რატომღაც საპირისპირო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვინც ფიქრობს, რომ ამით ვინმეს პოლიტკურ ინტერესებს დააკმაყოფილებს და ხმებს მიიღებს - ცდება, პირიქით შეიძლება დაკარგოს კიდეც. არ ვიცი ეს საკითხები რამდენად დიდ შეხლა-შემოხლას გამოიწვევს ადამიანებში, მაგრამ ისედაც გადატვირთულ სასამართლოებში, რომ უკიდურესად გაურთულებს საქმეს, ფაქტია. მოკლედ, რომ გითხრათ, შენი ქონების საკუთრების საკითხი სასამართლომ უნდა აღიაროს, სასამართლო პროცესები კი იცით, რომ მინიმუმ რამდენიმე თვეს გრძელდება ან წლები.

- რამდენად არის ჩართული ბიზნესი მსგავსი საკითხების გადაწყვეტის პროცესში? სხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებითაც, რამდენად არის პრაქტიკა, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს აზრს გეკითხებიან?

- რა თქმა უნდა, ჩვენ პერმანენტული ურთიერთობა გვაქვს ეკონომიკურ გუნდთან და არამარტო მათთან. პრემიერ-მინისტრთანაც გვაქვს შეხვედრები. ვარ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი, სადაც ამ ქვეყნის უმსხვილესი ბიზნესმენები არიან გაერთიანებულები. ამ გაერთიანების სახელით ვხვდებით ხოლმე მთავრობის წარმომადგენლებს. გვაქვს ინტენსიური მუშაობა ხელისუფლების ყველა ფრთასთან, ასევე ბიზნესომბუდსმენთან, მაგრამ არის ასეთი ხარვეზებიც, რაზეც ვისაუბრეთ. გამოსახლების შესახებ კანონთან დაკავშირებით თითქოსდა ბევრი მხარდამჭერი გვყავდა როგორც მთავრობაში, ასევე პარლამენტში, მაგრამ ის მაინც მიიღეს. ჩვენ არ ვაპირებთ რომ დავთმოთ. არ გამოვრიცხავ ბიზნესმა შეთანხმებულად საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს.

- გახსენდებათ შემთხვევა, როდესაც თქვენთვის არასასურველი პროცესი იყო და საკანონმდებლო დონეზე მოახერხეთ მისი შეჩერება? გაითვალისწინეს თქვენი აზრი?

- მაგალითად, როდესაც „ქართუ ბანკის" გაკოტრების პროცესი დაიწყო, ჩვენ მოვახერხეთ, რომ საკონონმდებლო დონეზე ეს პროცესი შეჩერებულიყო.

- თუკი შევადარებთ ბიზნესის და ხელისუფლების ურთიერთობას, არის თუ არა შვება ბოლო სამი წელი? მახსოვს როდესაც ბიზნესწერეების წარმომადგენლები პირველად შეხვდით ბიძინა ივანიშვილს, თქვენ თქვით რომ ბიზნესის რენესანსი იწყებაო. ახდა თქვენი პროგნოზი?

- რა თქმა უნდა. დროა საჭირო და ყველამ უნდა მივაღწიოთ, რომ ეკონომიკაში აღმავლობა იყოს. კაპიტალი ვერ ცხოვრობს იქ სადაც წნეხია. ამჟამად ბაზარი აბსოლუტურად ღიაა, ბიზნესს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებისგან არანაირი წნეხი არ აქვს. ყოფილი ხელისუფლების პერიოდში, ჩვენ შევხვდით ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, ერთადერთი რაც ვთხოვეთ იყო ის, რომ საჯაროდ ნუ იჭერდნენ ბიზნესმენებს. ეს სიტუაცია აბრკოლებდა ინვესტორს და ქართულ ბიზნესს.

- როგორ ხდებოდა მაშინ, ბიზნესის მიმართ არსებული წნეხის პირობებში ის რომ, ეკონომიკური ზრდა იყო გაცილებით მაღალი, ვიდრე ახლაა? ამბობთ, რომ ახლა ბიზნესი გაცილებით თავისუფალია...

- ეკონომიკის ზრდის ბუმი იყო მანამ, სანამ წნეხი დაიწყებოდა. 2007 წლის 7 ნოემბერს დაიწყო ქვეყანაში მოგეხსენებათ არასასურველი პროცესები, ეკონომიკის ზრდის ბუმი იყო სწორედ მანამდე. ამის შემდეგ წავიდა ცუდად ქვეყნის და ჩვენი საქმეც, შემდეგ იყო ომი. რეფორმები, რაც მათ მანამდე გაატარეს, არ უნდა დავუკარგოთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ქვეყნის განვითარებაში გარდატეხის შესატანად.

- რას უკავშირებთ იმას, რომ ახლა ეკონომიკის მხოლოდ 3%-იანი ზრდა ფიქსირდება და მეტი არც არის დაგეგმილი? ბიზნესმენების ნაწილი ამბობს, რომ ეკონომიკის განვითრების მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვი თუ არ არის, ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა ვერ ვითარდება...

- ვერ დავეთანხმები, ჩვენთვის აბსოლუტურად საკმარისია, თუნდაც 6%-იანი ზრდა. 8% უკვე ძალიან კარგია. ორნიშნა რიცხვი მიმზიდველია ყველა ინვესტორისთვის და ქვეყანა სხვა კატეგორიაში გადადის. 3% არ არის საკმარისი, რა თქმა უნდა. ამ გარადამავალ პერიოდში ვიცით, რა სირთულეებიც იყო ხელისუფლების წინაშე. მათ რაღაც რეფორმები დაიწყეს, მაგალითად ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო რომ ერთი საათით გადმოწიეს სამუშო დრო. ასეთ პატარა რამეზეც კი რეაგირებს ბიზნესი... ისეთ განვითარებად ქვეყანაში, როგორიც საქართველოა რეფორმები პერმანენტულად უნდა მიმდინარეობდეს.

- ერთ წელიწადში არჩევნები იქნება, და შესაძლებელია პოლიტკური კონფიგურაცია შეიცვალოს. რა სურვილები გექნებოდათ მმართველებთან და პოლიტკოსებთან?

- სურვილი მაქვს ამერიკელებისგან ვისწავლოთ - ხელისუფლებაში ეს მოვა თუ ის, ბიზნესი არ უნდა დაზიანდეს. არჩევნების დროს აქცენტებს აკეთებენ ხოლმე, ვინ უფრო დასავლური ორიენტაციის იქნება, არ გვინდა მაქსიმალიზმი, ჩვენს ქვეყანაზე ვიფიქროთ. დასავლეთი და NATO - ეს ყველკაფერი კარგია, მაგრამ მივხედოთ გრძელვადიან პოლიტიკას. 21-ე საუკუნეში, სოფლის მეურნობაში რა უნდა გააკეთოს ქართველმა გლეხმა, ეს უნდა ჩამოაყალიბოს ამ ქვეყნის ხელისუფალმა. არავინ არ ეუბნება გლეხს მეტი პომიდორი უნდა მოყვანოს, თუ ნიორი, რაზეა მოთხოვნა... სურვილი მაქვს, რომ კონკრეტული პროგრამები გააკეთონ. უნდა იცოდნენ ტურიზმში რა უნდა გაკეთდეს, რომ ეკონომიკა გააძლიერონ. ეს არის უფრო მნიშვნელოვანი.

ლინკი