(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

სოსო ფხაკაძე - როცა სახეზეა ეროვნული ვალუტის 40%-იანი დევალვაცია, არ შეიძლება ბიზნესმა თავისი განვითარების გეგმებს არ გადახედოს

სახელმწიფომ და ბიზნესმა ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ, რომ ლარი გამყარდეს, - ამის შესახებ საქართველოს ბიზნესასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ლარის კურსის შესახებ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, საქართველოს ბიზნესასოციაციამ პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მოამზადა ექვსი კონკრეტული საკითხი და აქედან ერთ-ერთი ნომერ პირველი საკითხი სწორედ ლარის კურსს ეხება. მისივე თქმით, ეს არის თემა, რომელიც ლარის კურსს ეხება.
"ჩვენ, სახელმწიფომ და ბიზნესმა ყველა ღონე უნდა ვიხმაროთ იმისთვის, რომ ლარი გამყარდეს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენდა სამწუხაროდ რეგიონში არის მძიმე ვითარება და ამას ჩვენზე მეტ-ნაკლებად აქვს ზეგავლენა. შარშან უფრო მეტი ჰქონდა, ახლა თითქოს უფრო შემცირებულია ნეგატიური ზეგავლენა, მაგრამ მაინც საკმაოდ მძიმე ფონი არსებობს", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
კითხვაზე - ლარის გაუფასურების გამო ხომ არ შეიცვალა მისი საინვესტიციო გეგმები, სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, რომ ასეთ ვითარებაში არ შეიძლება ბიზნესმა არ გადახედოს თავისი განვითარების გეგმებს, როცა სახეზეა ეროვნული ვალუტის 40%-იანი დევალვაცია.
"ლარის გაუფასურების გამო, გარკვეული კორექტირება შევიტანეთ ჩვენს ბიზნესგეგმებში, მაგრამ მაინც ბიზნესი კეთდება ოპტიმიზმით, რომ ხვალ უფრო კარგი დღე იქნება, ვიდრე არის დღეს, ამიტომ სულ რომ გავჩერდეთ ჩვენ ან სხვა ჯგუფი, ამის უფლება არ გავქვს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ხარჯების ოპტიმიზაციის კუთხით და მეტ-ნაკლებად გავაგრძელოთ ჩვენი განვითარება", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ. 

 

ლინკი