(+995 32) 2 202-215

სხვა მედია

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია: ბიზნესგარემოს მიმართ მეტი სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია უკანასკნელი თვეების განმავლობაში აქტიურად აკვირდება იმ პროცესებს, რაც ცალკეული ბიზნესმენების, ბიზნესის ცალკეული დარგებისა თუ ცალკეული ბიზნეს და საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ არის მიმართული და ხშირ შემთხვევაში კამპანიურ ხასიათს ატარებს.

"ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ცალკეული კომპანიების და ბიზნესმენების მიმართ, ერთგვარი „ბრალდების“ ტონით გაკეთებული განცხადებები, მათ მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიების გამო;

აუცილებლად მიგვაჩნია განვმარტოთ, რომ ოფშორული კომპანიების გამოყენებით ბიზნესის წარმოება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ არაერთ განვითარებულ ქვეყანაშიც საქმიანობის სრულიად კანონიერი და ნებადართული ფორმაა; უფრო მეტიც, ჩვენს რეალობაში, ხშირ შემთხვევაში ოფშორული კომპანიის საგადასახადო ტვირთი სულაც არაა ადგილობრივი კომპანიის საგადასახადო ტვირთზე ნაკლები, თავად ოფშორი კი განიხილება და გამოიყენება კომპანიის აქტივების დაცვის უფრო მყარი გარანტირებისათვის, რაც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ აქტუალური პრობლემა იყო წლების განმავლობაში;
 

ჩვენს შეშფოთებას იწვევს ასევე ცალკეული მსხვილი ბიზნესპროექტების მიმართ საზოგადოების ერთი ნაწილის მკვეთრად ნეგატიური დამოკიდებულება, განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როდესაც კონფრონტაციული ფონი იქმნება საგნობრივი დისკუსიის გარეშე, შესაბამისი სფეროების ექსპერტებისა და სპეციალისტების აზრის გაუთვალისწინებლად და იმ ფორმით, რაც შეიცავს საგანგაშო შეტყობინებებს ჩვენი ქვეყნით დაინტერესებული ნებისმიერი სერიოზული ინვესტორისათვის.
 

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ და მსოფლიოს განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნების გამოცდილებაც იმას ადასტურებს, რომ შეუძლებელია საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფა იქ, სადაც ბიზნესი და ბიზნესმენი, ინვესტორი და ინვესტიცია მუდმივი ნეგატიური განწყობის, სხვადასხვა ფორმითა და მიზეზით გამოხატული პროტესტის თუ ბრალდების ობიექტი და ადრესატია;

ამასთანავე, საქართველო არის დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფო, ამიტომ ნებისმიერი ბიზნესსაქმიანობა, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვები თუ წინააღმდეგობა უნდა წარიმართოს მხოლოდ და მხოლოდ კანონიერების, კანონის უზენაესობის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების პრინციპების მკაცრი დაცვით.
 

ბიზნესის განვითარება, ქვეყნის ეკონომიკური ზრდა და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა შეიძლება მიღწეულ იქნეს მხოლოდ სამართლებრივად მოწესრიგებულ სივრცეში, სადაც დაუშვებელია კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობა გახდეს ბრალდებების და არაჯანსაღი პროცესების საფუძველი;

ყოველივე ზემოაღნიშნული გასაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე, საარჩევნო წელს, ისევე როგორც ტრადიციულად ყოველი არჩევნების წინ, მკვეთრად იმატებს ყველა მხრიდან ცდუნება პოპულისტური განცხადებების და მიზანმიმართული კამპანიებისა, იქნება ეს კონკრეტული ბიზნესის თუ ბიზნესის ცალკეული სფეროს მიმართ;
 

ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემო საერთოა ყველასათვის, მისი სიჯანსაღე და დაცულობა მთავარი წინაპირობაა ქვეყნის თითოეული მოქალაქის კეთილდღეობისათვის, სწორედ ესაა თითოეული მოქალაქის დასაქმების, პროფესიული განვითარების, პირადი შემოსავლის, სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსების თუ უბრალოდ უსაფრთხოების მთავარი წყარო და გარანტი;
 

მხოლოდ ერთი გაუფრთხილებელი ნაბიჯითაც კი შესაძლებელია, გამოუსწორებელი ზიანის მიყენება ბიზნესგარემოსათვის და ამ ზიანის შედეგების აღმოფხვრას შემგდომში წლები არ ეყოფა", - ნათქვამია განცხადებაში.

 

ლინკი