(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შემოსავლების სამსახურის უფროსთან ჯაბა ებანოიძესთან სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა

25 ოქტ '11

25 ოქტომბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ჯაბა ებანოიძემ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებთან სამუშაო შეხვედრას გამართა, რომლის მიზანი ბიზნესმენებისათვის საგადასახადო სფეროში დაგეგმილი სიახლეების გაცნობა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებით ინიცირებული წინადადებების განხილვა გახლდათ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მსგავსი შეხვედრები სისტემატურად იმართება. შეხვედრების მიზანი ბიზნესსა და საგადასახადო ორგანოებს შორის დიალოგი და ინფორმაციის გაცვლაა, რაც საბოლოო ჯამში საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებას და დახვეწას ემსახურება.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ აღნიშნა: "მოხარული ვართ, რომ შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელი ბიზნესმენებს ხვდება და ბოლო პერიოდში ეს ურთიერთობა ბევრად აქტიური გახდა. ის სიახლეები, რაც ბოლო პერიოდში გვესმის, მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის და რაც მთავარია, ესაა ჩვენი ერთობლივი ნამუშევარი. ბიზნესმენი და სახელმწიფოს წარმომადგენელი ერთად სხდებიან და არსებულ პრობლემებს ერთობლივად წყვეტენ".
შეხვედრაზე  ცნობილი გახდა, რომ შემოსავლების სამსახურის ინიციატივით იგეგმება  ცვლილებები მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით, კერძოდ მარტივდება საწყობის საქმიანობისათვის ნებართვის გაცემის პროცედურები და შესაბამისი რეგულაცია, იგეგმება სპეციალური სავაჭრო კომპანიის ცნების შემოღება. ცვლილებები და სიახლეები იგეგმება საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე გადაადგილებისას ტვირთების გაფორმებაზე, კერძოდ ეტაპობრივად იგეგმება ელექტრონული მომსახურება, ,,დისტანციური დეკლარირება" გეზ-ში, სამართალდარღვევის ელექტრონული ოქმები, შემცირებული საბანკო გარანტიები (სატესტო რეჟიმში). ასევე სამომავლოდ იგეგმება შემდეგი სიახლეები: წინასწარი დეკლარარების შემთხვევაში, იმპორტიორებს ექნებათ 15 დღიანი გადავადება გადასახდელებზე; ექსპორტისას გაუქმდება აღრიცხვის მოწმობა; რეექსპორტისას  ამოქმედდება 5 დღიანი გადავადება რაც აქამდე არ მოქმედებდა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო იმ ცვლილებებს, რომლებიც ბიზნესისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე და ინიცირებული იქნა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის მიერ, კერძოდ: ე.წ. „ლოიალობის (დაგროვების) ბარათებით" განხორციელებული ოპერაციების საგადასახადო რეგულირება; საგარანტიო მომსახურების საგადასახადო რეგულირება; საკუთარი წარმოების ძირითად საშუალებად გამოყენების დაბეგვრის რეგულირება; ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგების განხორციელებისას საბაზრო ფასის გამოყენების რეგულირება.