საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული ინიციატივების განხილვა
11 ნოემ '11
11 ნოემბერს, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებმა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებმა, ჯაბა ებანოიძის ხელმძღვანელობით მორიგი შეხვედრა გამართეს, სადაც ბიზნესის მხრიდან ინიცირებული, საგადასახადო კანონმდებლობასთან დაკავშირებული წინადადებები განიხილეს. მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის მსგავს შეხვედრებს უკვე სისტემატური ხასიათი აქვს.
ასოციაციის წევრი კომპანიების მიერ ინიცირებული, ხუთ ათეულამდე წინადადებიდან, აღნიშნულ შეხვედრაზე რვა საკითხი იყო გამოტანილი განსახილველად. მათგან უმრავლეს შემთხვევაში შემოსავლების სამსახურმა გაიზიარა ბიზნესმენთა მოსაზრებები და შესაბამისი ცვლილებების განხორციელებაც გადაწყდა (საქართველოს რეზიდენტ, ურთიერთდაკავშირებულ იურიდიულ პირთა შორის თავდებობიდან გამომდინარე სარგებლის (მოგების) გათავისუფლება მოგების გადასახადისაგან; საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენებისას დღგ-ს რეგულირება; სუსტი კაპიტალიზაცია;), ზოგიერთი საკითხი კი, შემოსავლების სამსახურის დაპირებისამებრ, ასახვას ჰპოვებს სათანადო ინსტრუქციებში ან მეთოდურ მითითებებში, რომლებიც სავალდებულო ძალის მქონე იქნება საგადასახადო ორგანოებისათვის.
პარასკევის შეხვედრაზე განხილული საკითხების სია ასე გამოიყურება:
საქართველოს რეზიდენტ, ურთიერთდაკავშირებულ იურიდიულ პირთა შორის თავდებობიდან გამომდინარე სარგებლის (მოგების) გათავისუფლება მოგების გადასახადისაგან;
საგარანტიო მომსახურების/საქონლის მიწოდების დაბეგვრის საკანონმდებლო საკითხები;
საკუთარი წარმოების შენობა-ნაგებობის ძირითად საშუალებად გამოყენებისას დღგ-ს რეგულირება;
დაგროვების ბარათების გამოყენება მომსახურების სფეროში;
საპროცენტო შემოსავლებზე საქართველოში და უცხოეთში გადახდის წყაროსთან დაკავებული პროცენტის მოგების გადასახადში ჩათვლა;
საქონლის იმპორტის დროს გადახდის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმეტის არარსებობის გამო წარმოქმნილი პრობლემა;
სუსტი კაპიტალიზაცია;
ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგების განხორციელებისას საბაზრო ფასის გამოყენების რეგულირება;
ზემოაღნიშნულ საკითხებზე, დაბეგვრის თვალსაზრისით, კომპანიებმა მოისმინეს შემოსავლების სამსახურის პოზიცია და სამომავლო ხედვები, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს სწორად გამოიყენოს შესაბამისი სამართლებრივი ნორმები და თავიდან აიცილოს გაუგებრობები. რაც შეეხება დარჩენილ ოთხ ათეულამდე საკითხს, მათზე მუშაობა ინტენსიურად გრძელდება და გადაწყვეტილებები უკვე მომავალ შეხვედრებზე გახდება ბიზნესმენებისათვის ცნობილი.