პრემიერ მინისტრმა ბიზნესმენებს საგადასახადო სფეროში არსებული სიახლეები
13 აპრ '11
13 აპრილს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პრემიერ მინისტრს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსს და ბიზნეს ომბუდსმენს უმასპინძლა. შეხვედრა მიზნად ისახავდა საგადასახადო სფეროში არსებული სიახლეების შესახებ ბიზნესმენთა ინფორმირებას.
შემოსავლების სამსახურის ახალი ინიციატივის თანახმად, კომპანიას საშუალება ეძლევა აირჩიოს ვინ შეამოწმოს: საგადასახადო ინსპექტორმა თუ აუდიტორმა. აუდიტორის მიერ ჩატარებული შემოწმება ბიზნეს გარკვეული თანხა დაუჯდება. იმავდროულად, აუდიტორული კომპანიების შემოწმების მხრიდან შემოწმებისას აღმოჩენილ დარღვევაზე კომპანია ჯარიმებისაგან ნაწილობრივ თავისუფლდება.
"კერძო სექტორთან ინტენსიურად ვიმუშავეთ და იმ პრობლემებს რაც ბიზნესს აწუხებს იდენტიფიცირება გავუკეთეთ. მიმაჩნია რომ პრობლემების გადასაჭრელად ბიზნესს ეფექტურ ვარიანტს ვთავაზობთ. "ახალი კურსის" გამოცხადების შემდეგ კერძო სექტორს რამდენიმე ახალი ინიციატივა შევთავაზეთ. ნებისმიერი ის პრობლემა, რომელიც ბიზნეს შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობისას გააჩნია, გვინდა რომ გადავჭრათ. ცხადია ეს პრობლემა ერთ დღეში ვერ გადაიჭრება და ამას გარკვეული პერიოდი ესაჭიროება.
ახალი ინიციატივის თანახმად, კერძო კომპანიას შეუძლია მიმართოს სხვა აუდიტორულ თუ საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც შესაბამისი ლიცენზია გააჩნია და მისგან საგადასახადო შემოწმება მოითხოვოს. თუმცა ამ აუდიტორულ კომპანიას შესაბამისი ქმედებების განსახორციელებლად შემოსავლების სამსახურისგან სპეციალირი ნებართვა უნდა ქონდეს აღებული. საუბარი, რომ საგადასახადო შემოვიდა და დაგვლუქა, პრობლემები შეგვიქმნა და ამის გამო გაყიდვები შეგვიმცირდა, - ასეთი ინფორმაციები საერთოდ მოისპობა. აუდიტორული კომპანიის შემოწმებული აქტი ჩაითვლება როგორც საგადასახადოს მიერ შემოწმებულ აქტად. პროექტი პირველ ეტაპზე შემდეგი 3-6 თვის განმავლობაში პილოტურ რეჟიმში განხორციელდება. თუმცა შემდგომ საგადასახადო შემოწმების განხორციელების საშუალება ყველა მსურველ აუდიტორულ კომპანიას მიეცემა. შემოწმების ფასებს თავად ბაზარი განსაზღვრავს. როდესაც ბაზარზე იქნება რამდენიმე აუდიტორული და საკონსულტაცო კომპანია, მათ მიერ გაწეული მომსახურების ტარიფებს ბაზარი დაარეგულირებს, რადგანაც მათ შორის იქნება დიდი კონკურენცია. მთავრობა ფასს არ განსაზღვრავს", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, "მთავრობის მხრიდან წამოსული ინიციატივები ბიზნესისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, რაც საგადასახადო შემოწმებაში კერძო აუდიტორული კომპანიების ჩართულობას ითვალისწინებს. ბიზნესმენებს საგადასახადო ინსპექტორთან ურთიერთობა მაინცადამაინც არ სიამოვნებთ და ამ შემთხვევაში ბიზნეს შესაძლებლობა ეძლევა დაიქირავონ კერძო აუდიტორული კომპანიები. მათი შემოწმება აღიარებული იქნება შემოსავლების სამსახურის მიერ. ის უნდობლობა რომელიც საგადასახადოსა და ბიზნესის ურთიერთობაში იყო მინიმუმადე იქნება დაყვანილი და ბიზნეს ექნება შესაძლებლობა აუდიტორულ კომპანიებს მიმართონ".
ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შემოსავლების სამსახური ბიზნეს სექტორს სთავაზობს სიახლეს საგადასახადო შემოწმების კუთხით, რაც ითვალისწინებს დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიების ჩართვას ამ პროცესში, რაც სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა და ნდობის ხელშეწყობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ამიერიდან საგადასახადო რისკის დაფიქსირების შემთხვევაში, გადამხდელს ეცნობება შემოწმების თაობაზე და მას უფლება ექნება, თავად გადაწყვიტოს შემოწმება ჩაატაროს შემოსავლების სამსახურმა თუ დამოუკიდებელმა აუდიტორულმა თუ საკონსულტაციო კომპანიამ. აღსანიშნავია, რომ გადამხდელს გარე აუდიტის მომსახურების შემთხვევაში, შემოწმებული პერიოდი შემოსავლების სამსახურშიც შემოწმებულ პერიოდად ჩაეთვლება. კერძო აუდიტორული ან საკონსულტაციო კომპანიის არჩევის შემთხვევაში, გადამხდელი აღმოჩენილი დარღვევის ჯარიმისგან ნაწილობრივ თავისუფლდება. ერთი წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანიები გადამხდელებთან იმუშავებენ თავისი მეთოდოლოგიით და შემოწმების პროცედურებით. ამ პერიოდში მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც დაკომპლექტდება შემოსავლების სამსახურის, აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტებისგან, შეიმუშავებს შემოწმების მეთოდურ სახელმძღვანელოს.