(+995 32) 2 202-215

სიახლეები

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში კერძო საპენსიო სისტემის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

30 მარ '11

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტის ეგიდით პარასკევს, 25 მარტს კერძო საპენსიო სისტემის რეფორმასთან დაავშირებით მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პრეზენტაციით წარსდგა USAID-ის დაფინანსებული „ეკონომიკური აღმავლობის პროექტის" (EPI) მიერ მოწვეული ექსპერტი - ედგარ ბალბინი, რომელიც 30 წლის განმავლობაში საქმიანობდა საფინანსო მომსახურების სექტორში, სადაზღვევო და საპენსიო სფეროში, საინვესტიციო საქმიანობის მიმართულებით.
შეხვედრას საბანკო და სადაზღვევო სფეროების წარმომადგენელი კომპანიები, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ეკონომიკური აღმავლობის პროექტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეგახსენებთ, რომ კერძო საპენსიო რეფორმაზე საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საფინანსო კომიტეტი უკვე წელიწადზე მეტია რაც მუშაობს და ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა რეფორმის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და რეფორმით დაინტერესებულ სუბიექტებთან  თანამშრომლობის ფორმატის ჩამოყალიბება.
პარასკევს გამართული შეხვედრა ამ მიმართულებით გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. წარმოდგენილ პრეზენტაციაში დეტალურად იყო განხილული იმ ქვეყნების პრაქტიკა (მაგალითად ჩილე, პოლონეთი, ყაზახეთი, ლატვია, ესტონეთი და ა.შ.), რომლებმაც უკვე  დანერგეს კერძო საპენსიო სისტემა და რეალურ შედეგებსაც მიაღწიეს. ჩამოთვლილი ქვეყნების პრაქტიკის გათვალისწინებით გაანალიზებული იქნა კერძო საპენსიო სისტემის პრინციპები და სტრუქტურა, საპენსიო ფონდის მართვის და სახელმწიფო კონტროლის თავისებურებები, სახელმწიფოს როლი სისტემის განვითარებაში და ქართული რეალობიდან გამომდინარე წარმოდგენილი რეკომენდაციები.
ბიზნეს ასოციაციაში მორიგი შეხვედრა კერძო საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში კვლავ გაიმართება.