შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტი ბიზნესმენებს შეხვდა
21 მარ '11
საქართველოში ვიზიტად მყოფი შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტი ანდრეი კონდაკოვი დღეს სასტუმრო თბილისი მარიოტში ბიზნესმენებს შეხვდა.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის დელეგაციას ბიზნეს ასოციაციამ პირველად გასული წლის ოქტომბერში უმასპინძლა; სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს და შედგა შეთანხმება, რომ მომავალში BSTDB-ს დელეგაცია კვლავ ეწვეოდა საქართველოს და დაინტერესებული კომპანიებისათვის უფრო ფართო ფორმატში უზრუნველყოფდა ბანკის საქმიანობის, პრიორიტეტების და პროცედურების გაცნობას.
დღევანდელი შეხვედრის მიზანი 2011-2014 წლებში BSTDB-ს პრიორიტეტების შესახებ ქართული კომპანიების ინფორმირება და თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა იყო. უახლოესი 4 წლის განმავლობაში BSTDB საქართველოში დამატებით 30-40 მლნ ევროს ღირებულების პროექტების დაფინანსებას გეგმავს. BSTDB 1994 წელს შეიქმნა. მისი შტაბ-ბინა სალონიკშია. ბანკის მიზანია რეგიონული პროექტებისა და პროგრამების დაფინანსება, წევრ სახელმწიფოებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობა, შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკური განვითარება საბანკო ინსტიტუტის საკრედიტო ხაზებით უკვე სარგებლობენ ქართული კომერციული ბანკები ("თი-ბი-სი"; "პროკრედიტ ბანკი"; "ვი-თი-ბი" და "ბანკი ქართუ"). კერძო სექტორის განვითარების მხარდასაჭერად, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი აპირებს აქტიურად ითანამშრომლოს ადგილობრივ კომერციულ ბანკებსა და საფინანსო სექტორის სხვა წარმომადგენლებთან. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის ინტერესის სფეროს ენერგეტიკის, წარმოების და ინფრასტრუქტურის დაფინანსება წარმოადგენს. როგორც შეხვედრაზე ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა, „ამჟამად ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანია შევიმუშაოთ სტრატეგია 2011-2014 წლებისთვის, რაც გულისმხობს საქართველოში ბიზნესის უფრო მეტად განვითარებას. ჩვენ ვთვლით, რომ გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე შეიქმნება მეტი ბიზნეს შესაძლებლობები ჩვენთვის და ჩვენი დრო მთლიანად დაეთმობა პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობას საქართველოში. ბანკს საქართველოში 50 მლნ ევროს ღირებულების 15 პროექტი აქვს დაფინანსებული და უახლოესი 4 წლის განმავლობაში 40-50 მილიონი ევროს პროექტების დაფინანსებას ვგეგავთ. ყველაფერი თუ კარგად წარიმართება შესაძლოა საქართველოში ჩვენი საკრედიტო პორთფელის გაორმაგებაზეც ვიმსჯელოთ". საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის, გიორგი ჭირაქაძის შეფასებით, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტის ვიზიტი და ქართული კომპანიებისათვის დამატებითი, იაფი ფინანსური რესურსების შეთავაზება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, როდესაც საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს მუშაობა ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისათვის, ხორციელდება მთელი რიგი რეფორმებისა, მარტივდება საგადასახაო კანონმდებლობა და ბიზნესისათვის განვითარების კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობები ჩნდება. პრეზენტაციის შემდეგ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ პირისპირ შეხვედრებზე, ბიზნესმენებს საშუალება ჰქონდათ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან განეხილათ მათთვის საინტერეო პროექტები და მიეღოთ კიდევ უფრო დეტალური ინფორმაცია.