საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ 6 და 7 თებერვალს ბათუმში საქართველოს მთავრობის და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს უმასპინძლა
7 თებ '11
6 და 7 თებერვალს, ქალაქ ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვდნენ.
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მსგავსი ფორმატისა და მასშტაბის შეხვედრას პირველად გაუკეთა ორგანიზება და მასში ბიზნესმენებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა - ზურაბ ადეიშვილმა, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა - კახა ბაინდურაშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა - გიორგი ქადაგიძემ, საქართველოს მთავარმა პროკურორმა - მურთაზ ზოდელავამ, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებმა - გიორგი ვაშაძემ და ჯაბა ებანოიძემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა - გიორგი ცხაკაიამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - გიორგი ობგაიძემ და საქართველოს ბიზნეს ომბუდსმენმა - გიორგი პერტაიამ.
შეხვედრა მიზნად ისახავდა ბიზნესსა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დიალოგს და თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, როგორიცაა ბიზნეს გარემოს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის განვითარება და სრულყოფა, საგადასახადო ადმინისტრირება და ფისკალური პოლიტიკა, მაკროეკონომიკური მაჩვენებლები და ძირითადი გამოწვევები.
თავის მხრივ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრებს შეხვედრაზე საშუალება ჰქონდათ არაფორმალურ გარემოში ესაუბრათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან მათთვის საინტერესო საკითხებსა და პრობლემებზე.
პრეზენტაციები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ფაილებში